გრეგ პოპოვიჩთან დარჩა | მამუკელაშვილმა სან ანტონიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის მომდევნო სეზონშიც „სან ანტონიო სპურსის“ ღირსებას დაიცავს. „მამუ“ შეუზღუდავი სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტი იყო, მაგრამ ადგილსამყოფლის გამოცვლა არ ისურვა და ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელთან, გრეგ პოპოვიჩთან დარჩა.
ცნობილი ინსაიდერის, ედრიან ვოინაროვსკის ცნობით, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი ანაზღაურება 2.2 მილიონი აშშ დოლარი იქნება. სპორტული სააგენტოს Priority Sports-ის წარმომადგენლებმა, ჯორჯ რუსაკისმა და მარკ ბარტელშტაინმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს.
Free agent F Sandro Mamukelashvili has agreed on a one-year, $2.2 million deal to return to the San Antonio Spurs, sources tell ESPN. George Roussakis and Mark Bartelstein of @PrioritySports confirmed the deal. pic.twitter.com/SDycP275f9
— Adrian Wojnarowski (@wojespn) July 16, 2024
როგორც მოგეხსენებათ, გასულ რეგულარულში, მამუკელაშვილმა მონაწილეობა 46 შეხვედრაში მიიღო. სანდრო პარკეტზე საშუალოდ 9.8 წუთს ატარებდა და მისი მონაგარი 4.1 ქულა, 3.2 მოხსნა და 1.1 შედეგიანი გადაცემა იყო. „მამუმ“ სეზონის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა და „სპურსის“ გულშემატკივრების ფავორიტის სტატუსი მოიპოვა.
ბოლო პერიოდში, უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ „მამუთი“ ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ და მის გაფორმებას „ბარსელონა“, „ოლიმპია მილანო“ და „ფენერბაჰჩე“ განიხილავდნენ. სანდროს NBA-ის დატოვება არ უნდოდა და იმედია, მომდევნო სეზონში სათამაშო დროს მიიღებს.