„ვხვდები, რომ ჩემი ბოლო ბრძოლებია“ - მესი სანაკრებო კარიერას ასრულებს?
კოპა ამერიკის ნახევარფინალში, არგენტინის ნაკრებმა ხულიან ალვარესისა და ლიონელ მესის გოლებით კანადა დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ალბისელესტეს“ ლიდერმა, ლეო მესიმ განვლილი მატჩი შეაფასა და ფინალზეც ისაუბრა.
რა თქვა მესიმ:
„პირველ რიგში, მინდა სრულად გავიზიარო ის ემოცია, რომელსაც ახლა ინდივიდუალურად განვიცდი და ასევე ის, რასაც მთელი გუნდი გრძნობს. ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ და აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა. ძალიან რთული იყო და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ამიტომ ამ მომენტით უნდა დავტკბეთ“.
„დავასრულებ, თუ არა სანაკრებო კარიერას? ამ ბოლო დროს ისე ვცხოვრობ, რომ თითქოს ყველაფერი უკანასკნელი იყოს - დიდ სიამოვნებას ვიღებ, ისევე როგორც დი მარია და ოტამენდი, ვიაზრებ, რომ ეს ბოლო ბრძოლებია“.
ცნობისთვის, ლიონელ მესიმ 2024 წლის კოპა ამერიკაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრები ფინალში ურუგვაისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.