თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„მსგავსი არაფერი მინახავს, ახლა ორმაგად დავაფასებ“ - ჯიკიჩმა შენგელიაზე ისაუბრა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რიგაში გამართულ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ჯგუფში ჩარჩა, რასაც ბევრი გულშემატკივარი თუ ექსპერტი იმ დანაკლისს აბრალებს, რაც თორნიკე შენგელიას ტრავმამ გამოიწვია. ეროვნული გუნდის 32 წლის კაპიტანი დაზიანების გამო იძულებული გახდა ლატვიასთან პირველი ტურის შეხვედრა გამოეტოვებინა, ფილიპინებთან კი მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვერ დაიტვირთა და ასი პროცენტით მზად არ იყო, ორმაგ დუბლამდე მხოლოდ სამი ასისტი დააკლდა და 29 წუთში 17 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

პირველი ტურის  დასრულების შემდეგ, ალექსანდრ ჯიკიჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ტრავმიანობისა, თოკოს სურდა გაერისკა და ეთამაშა, რისი უფლებაც მან არ მისცა. შექმნილი სიტუაციის შესახებ კი სერბმა მწვრთნელმა პრეს კონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა და შენგელიას კარგი გაგებით შეშლილი პროფესიონალი უწოდა.

რა თქვა ჯიკიჩმა

ფილიპინებთან მატჩზე გეტყვით, რომ ითამაშა ჩვენმა საუკეთესო კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ, რომლის თამაშიც არ შეიძლებოდა. თავად მთხოვა, რომ ეთამაშა, რაზეც დავთანხმდი, შემდეგ კი, როდესაც ვასვენებდი, მეწინააღმდეგებოდა.

რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელს, შენგელიას პარკეტზე ყოფნა ყოველთვის მსურს, რადგან თამაშზე და თანაგუნდელებზე საოცარი გავლენა აქვს. ის, რა მსხვერპლიც მან გაიღო, ბევრი არ გაიღებდა და სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არსად არ მინახავს.

თოკოს ძალიან ვაფასებდი და ამის შემდეგ ორმაგად დავაფასებ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. იცით, როგორ გაბრაზდა? ბოლოს იძულებული გავხდი მეც გავბრაზებულიყავი და მივმართე: „თოკო, გეყოფა“.

ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ფინელებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალათბურთელები ოლიმპიადის მიღმა - ბრძოლას ლატვია და ფილიპინები განაგრძობენ
კალათბურთელები ოლიმპიადის მიღმა - ბრძოლას ლატვია და ფილიპინები განაგრძობენ