სტივ კლარკი
Aa
Aa

„პატივს ვცემთ ყველას, არ გვეშინია არავისი“ | შოტლანდიის ნაკრების თავკაცის კომენტარი

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, მისი გუნდი ტურნირის მასპინძელს, გერმანიას დაუპირისპირდება და კლარკი აცხადებს, რომ შოტლანდია პატივს ყველა მეტოქეს სცემს, მაგრამ არავისი ეშინია.

„რა თქმა უნდა, გერმანიასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ეს მხოლოდ გახსნითი მატჩია და კიდევ ორი თამაში გვაქვს. ვიცით, პლეიოფში გასასვლელად რა არის საჭირო და სწორედ მასზე ვართ ფოკუსირებული. გერმანია კარგი გუნდია და ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში, ბევრმა ადამიანმა სცადა, მისი დაკნინება. როცა წილისყრის შედეგები გაირკვა, მივხვდი, რომ ურთულესი შეხვედრა გველოდა და ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა.

შოტლანდიის ნაკრებისა და ჩემი დამოკიდებულება ასეთია: პატივისცემა ყველას, არანაირი შიში ვინმეს მიმართ! ტურნირის მასპინძელს პატივს ვცემთ, მაგრამ იმედი გვაქვს, გახსნით მატჩში მათ პრობლემებს შევუქმნით. გერმანიაში მშვენივრად დავბინავდით, კარგად ვივარჯიშეთ და თამაშს მოუთმენლად ველოდებით.

გერმანიის ნაკრებს წნეხთან მოუწევს გამკლავება, მაგრამ მათი ფეხბურთელების უმრავლესობამ იცის, დიდ მატჩებში თამაში რა შეგრძნებაა და დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. გვჯერა, რომ მოგება ან ფრე შეგვიძლია და აქ სწორედ ამიტომ ვართ. ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში არიან. ისინი დაფრინავენ და ერთი სული აქვთ, მოედანზე როდის გავლენ“.

სტივ კლარკს ენდრიუ რობერტსონი ახლდა, რომელმაც განაცხადა: „საიდუმლო არაა, რომ ბურთის ფლობა გერმანიის მხარეს იქნება, რადგან მათ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი, ტონი კროოსი ჰყავთ. თუმცა, როცა ბურთი გვექნება, ვეცდებით, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. თუ ეს გავაკეთეთ, დადებით შედეგს დავაფიქსირებთ".

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს შვეიცარია და უნგრეთი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთთან და ჩეხეთთან შანსი არ აქვთ“ | საქართველო The Score-ის რეიტინგში
„თურქეთთან და ჩეხეთთან შანსი არ აქვთ“ | საქართველო The Score-ის რეიტინგში