ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ისტორიის წიგნში ახალი გვერდის დასაწერად მზად არის“ - Mirror-ი სტატია ხვიჩაზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მის ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს. სტატიის ავტორი პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერის გარემოებებსა და ევროპის ჩემპიონატზე ქართველი შემტევის მიზნებზეც წერს.

რა წერია Mirror-ის სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელია - ანუ „კვარადონა“, მას უკვე ამ სახელით იცნობენ და გულშემატკივრებში სიყვარულით სარგებლობს. უცხო არავისთვის არის, რომ ახალგაზრდა ასაკში მან უკვე შეძლო ისტორიის შედგენა.

23 წლის გარემარბი ჯერ კიდევ კარიერის საწყის ეტაპზეა, მაგრამ უკვე მიაღწია იმას, რაც ბევრმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო და ისტორიის დაწერას კიდევ გააგრძელებს, როდესაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

მისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 16 წლის ასაკში კი „რუსთავში“ გადავიდა. შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე წელი ითამაშა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი იძულებული გახდა, რომ სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნებულიყო. ეს 2022 წელს მოხდა, ამის შემდეგ კი „ნაპოლიში“ გადაბარგდა და მისი კარიერაც სწრაფად აიწია.

სადებიუტო სეზონში 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის კლუბისთვის საკვანძო მოთამაშედ მაშინვე გახდა და მისი ლიდერობით „ნაპოლიმ“ სკუდეტოსთვის 33-წლიანი ლოდინი დაასრულა. სწორედ იქ მოიპოვა კვარაცხელიამ ზედმეტსახელი - „კვარადონა“, დიდებული დიეგო მარადონას პატივისცემით - არგენტინელი, რომელმაც კლუბი ბოლო სკუდეტომდე მიიყვანა. თუმცა, ზედმეტსახელის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტიმ ის მოჰამედ სალაჰს შეადარა.

ნეაპოლში მას გულშემატკივრების მოლოდინებისა და იმედის სიმძიმე ეჭირა, ახლა კი მხრებზე თავისი ერის წონა აქვს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში აღმოჩნდა, რომელშიც შედიოდნენ ყოფილი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი. ესპანეთთან 7:1 დამარცხებამ საქართველოს იმედები გაანადგურა.

მაგრამ კვარაცხელიამ კარგ დროს შესაფერისი დრო იპოვა და ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ნაკრებს პლეი-ოფისკენ გაუძღვა. პლეი-ოფში საქართველომ ჯერ ლუქსემბურგს სძლია, ფინალში კი კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონს, საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა და ასე მოიპოვა ევროს საგზური.

ამ გამარჯვებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზული ზეიმი გამოიწვია, რადგან ეს მათთვის პირველი დიდი ტურნირი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ახლა მაქსიმალურად სურს საქართველოს ევროპის ჩემპიონატსა და თავის ნაკრებზე კონცენტრირება, შესაძლოა, მის გონებაში სხვა ფიქრებიც იყოს - პსჟ. კლუბი, რომელიც მის ტრანსფერში გრანდიოზულ თანხას იხდის და ფეხბურთელსაც მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს. ფრანგული კლუბი კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და როგორც Lequipe წერს, ამის მთავარ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს. თუმცა, გარიგება იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

იძახიან, რომ მათ უკვე გააკეთეს პირველი შეთავაზება, რომელიც 100 მილიონ ევროს გულისხმობს, თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ეს წინადადება დაბლოკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია მალე გადაიქცევა ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელად.

განურჩევლად იმისა, შესრულდება, თუ არა ეს გარიგება, კვარაცხელია მზად არის ისტორიულ წიგნში კიდევ ერთი თავის დასამატებლად. ევრო 2024-ზე მას კიდევ ერთი დიდი გვერდის დაწერა შეეძლება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან დორტმუნდში გამართავს. 22 ივნის ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი ჯგუფურ ეტაპზე გელზენკირხენში პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato: მრისხანებით საქართველოდან - მათ მხოლოდ ერთი რამ აკლიათ
Calciomercato: მრისხანებით საქართველოდან - მათ მხოლოდ ერთი რამ აკლიათ