ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, საფრანგეთი - მთავარი მწვრთნელების პირველი კომენტარები
Aa
Aa

ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, საფრანგეთი - მთავარი მწვრთნელების პირველი კომენტარები

გუშინ მოსკოვში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

მართალია სიკვდილის ჯგუფი ვერ მივიღეთ, მაგრამ ჯგუფები მაინც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა რიკასა და სერბეთთან მოხვდა. "სელესაოს" თავკაცმა ტიტემ კენჭისყრაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ და უფრო გუნდურად ვიმოქმედოდ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ყველა მეტოქესთან ერთი ტაქტიკით არ ვითამაშებთ. წინ დიდი და რთული ტურინირი გველის. იტალიის ნაკრები მის მიღმა დარჩა, ისევე როგორც კოპა ამერიკას მოქმედი გამარჯვებული ჩილე. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. მუნდიალის დაწყებამდე გუნდი ფორმის პიკში უნდა მყავდეს, ახლა მთავარი საზრუნავი ესაა".

არგენტინის ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ და ანგარი/შგასაწევ ჯგუფში მოხვდა. "ალბისელესტეს" მეტოქეები ისლანდია, ხორვატია და ნიგერია იქნებიან. ხორხე სამპაოლიმ მეტოქეები შეაფასა.

"ხორვატიას კარგი ნაკრები ჰყავს. ისინი ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერები არიან. მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები, ისინი ძალიან სახიფათონი არიან. ანალოგიურად შევაფასებდი ისლანდიასაც, რომელიც საკმაოდ მებრძოლი გუნდია. ნიგერიას კი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევაზე დიდ ხიფათს ქმნიან. კენჭისყრა უკვე ჩატარდა და ჩვენ მეტოქეების შესახებ ვიცით. ასევე ვიცით, თუ რომელ ქალაქებში ვითამაშებთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ შემადგენლობა შევარჩიოთ, ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ და ტურნირისთვის კარგად მოვემზადოთ".

მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები ჯგუფში პორტუგალიასთან, მაროკოსთან და ირანთან მოხვდა.

"ფურია როხას" თავკაცმა ხულიენ ლოპეტეგიმ წილისყრაზე ისაუბრა.

"ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველა მეტოქე ძლიერია. ტურნირს ევროპის ჩემპიონთან მატჩით დავიწყებთ. პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. მაროკო და ირანი ხელწამოსაკრავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან. ჯგუფიდან გასაღწევად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება".

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში პერუსთან, დანიასთან და ავსტრალიასთან მოხვდა.

"მამლების" დამრიგებელმა დიდიე დეშამმა კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

"შედეგები შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. ვიცით ვინ არის ჩვენი მეტოქე და როგორია განრიგი. ტურნირისთვის კარგად მოვემზადებით. შემიძლია გითხრათ, რომ დანიას კარგად ვიცნობთ, თუმცა იგივეს პერუსა და ავსტრალიაზე ვერ ვიტყოდი. ფავორიტად ჩვენს თავს ვერ დავასახელებ, თუმცა ამბიციები დიდი გვაქვს. დასაწყისისთვის ჯგუფიდან პირველი ადგილით უნდა გავიდეთ".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს, რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება და ფინალი 15 ივლისს, მოსკოვში "ლუჟნიკებზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები