ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„კვარა ძალიან მომწონს“ | რა თქვა გუტიმ ნაპოლის ქართველ შემტევზე

„რეალის“ ლეგენდამ, გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „ნაპოლის“ შემტევი შეაქო. 47 წლის ესპანელმა ინტერვიუ DAZN-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარა“, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მოსწონს.

„კვარაცხელია ძალიან მომწონს. შევხვდი თუ არა მას? არა, ჯერ არ შევხვედრილვარ, მაგრამ ინსტაგრამზე ვილაპარაკეთ. სოციალური ქსელების დადებითი მხარე ესაა. სულერთია, სად იმყოფები, ერთ წამში შეგიძლია ნებისმიერს დაუკავშირდე და მასთან ისაუბრო. როცა გავიგე, რომ ბავშვობაში ხვიჩას საფეხბურთო კერპი ვიყავი, ხელმოწერილი მაისური გავუგზავნე. სპორტულ გადაცემაში, რომლისთვისაც ვმუშაობ, ამაზე სიუჟეტიც გავიდა, შემდეგ კი ინსტაგრამზე ერთმანეთი გამოვიწერეთ.

რას ნიშნავს ჩემთვის ის, რომ ბავშვობაში კვარაცხელიას საფეხბურთო კერპი ვიყავი? ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა, როცა შენი თამაშის მეშვეობით, შეგიძლია, ბავშვებს ფეხბურთი შეაყვარო და თამაში დააწყებინო. შეიძლება, ერთ დღეს ისინი ნამდვილი პროფესიონალები ან დიდი ვარსკვლავებიც კი გახდნენ, როგორც ეს ხვიჩას შემთხვევაში მოხდა. ბავშვობაში საფეხბურთო კერპები ყველას გვყოლია და სასიამოვნოა, როცა ვიღაცისთვის ამ სტატუსს ატარებ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს გუტის მაისური ნეაპოლში El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ნიკო როდრიგესმა ჩაუტანა. გუტიმ მაისურზე ასეთი წარწერა დატოვა: „მადლობა, რომ ჩემი ფეხბურთი შეგიყვარდა. შენი თამაში ფეხბურთს ბევრ ბავშვს შეაყვარებს“. გუტიმ „კვარას“ წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ: „იმედია, მაისური მოგეწონა და ოცნებები აგიხდება“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სიგუას საკვანძო პასები -  სასტარტოში დაბრუნდა და ბაზელმა 2:0 მოიგო
სიგუას საკვანძო პასები - სასტარტოში დაბრუნდა და ბაზელმა 2:0 მოიგო