ტომას ტუხელი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

უკან ბაიერნში? - ფლიკი შეთავაზებას ელის

ჰანსი ფლიკი შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნდეს. გერმანული Bild-ის ჟურნალისტები, კრისტიან ფალკი და ტობი ალტშელფის მტკიცებით, 59 წლის სპეციალისტმა „რეკორდმაისტერში“ დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა და ახლა მიუნხენური კლუბის შეთავაზებას ელის.

ჟურნალისტები წერენ, რომ „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში ამ დრომდე მუშაობენ ფლიკის ახლო მეგობრები და გუნდში დაბრუნების შემთხვევაში, მათ პოზიციებს შეუნარჩუნებს. ასევე, იწერება, რომ გერმანელი სპეციალისტის ასისტენტი ტონი ტაპალოვიჩი იქნება, რომელიც წარსულში ფლიკის მწვრთნელობის დროს მეკარეებს ავარჯიშებდა.

ცნობისთვის, ჰანსი ფლიკი მიუნხენის „ბაიერნში“ 2019-2021 წლებში მუშაობდა და 2020 წელს გუნდთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „ბაიერნის“ შემდეგ, ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა, თანამდებობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული წარუმატებელი შედეგის გამო გაათავისუფლეს.

„რეკორდმაისტერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მიუნხენურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ გერმანელმა სპეციალისტმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ტუხელის ხელმძღვანელობით, „ბაიერნს“ 2023/24 წლების სეზონში მხოლოდ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს. დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „რეკორდმაისტერი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები