ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯამალ მიურეი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი
Aa
Aa

სიგიჟე დენვერი-ლეიკერსის მატჩში | ჩემპიონმა საფინალო სირენასთან ერთად მოიგო

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „დენვერ ნაგეთსმა“ და პლეიოფის პირველ რაუნდში მისმა მეტოქემ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს. „დენვერმა“ გახსნით შეხვედრაში „ლეიკერსი“ 114:103 დაამარცხა, დღეს კი ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

„ლეიკერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 28:24 მოიგო, შესვენებაზე კი 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 59:44. მესამე მეოთხედში ლებრონ ჯეიმსი და კომპანია 20 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ „დენვერმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანა. გადამწყვეტი თორმეტწუთეულის დაწყებამდე, „ნაგეთსმა“ ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა, ბოლო მეოთხედში კი წინ ერთხელ გავიდა - საფინალო სირენასთან ერთად.

მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ანგარიში 99:99 იყო. შეტევა „ლეიკერსს“ ჰქონდა და ლებრონ ჯეიმსი პერიმეტრზე სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ სამქულიანი ვერ გამოიყენა. ბურთი მაიკლ პორტერ ჯუნიორმა მოხსნა, რომელმაც ჯამალ მიურეის გადააწოდა და ამ უკანასკნელმა მაგარი გეიმ ვინერი ჩააგდო - 101:99.

„დენვერმა“ „ლეიკერსი“ ზედიზედ მეათედ დაამარცხა და „ნაგეთსის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო - 27 ქულა, 20 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. „ჯოკერი“ NBA-ისა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც პლეიოფის მატჩში მინიმუმ 25 ქულა, 20 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონია. ჯამალ მიურეიმ თავი 20 ქულას მოუყარა. პირველ 3 მეოთხედში, მან 16-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო და 6 ქულა ჰქონდა, ბოლო თორმეტწუთეულში კი 14 ქულა დააგროვა. მაიკლ პორტერ ჯუნიორი 22 ქულით გამოირჩა.

„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი ენტონი დევისმა ჩააგდო - 32 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი. ლებრონს 26 ქულა, 8 მოხსნა, 12 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა. „მეფე“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფში მინიმუმ 25 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი დააგროვა. დიანჯელო რასელმა 23 ქულა გააკეთა და 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ცნობისთვის, „დენვერი“ სერიაში 2:0-ს იგებს და მომდევნო ორი შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართება. პირველ მატჩს 26 აპრილს, თბილისის დროით, 06:00-დან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე