ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ხუთი ფინალი

იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ემპოლისთან“ (0-1) წაგების შემდეგ „ნაპოლიმ“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლონ, ან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მეექვსე პოზიციაც ლიგის საგზურის მომტანი იყოს და ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „რომადან“ და „ატალანტადან“ ერთ-ერთი ევროპა ლიგას მოიგებს. რაც შეეხება ნეაპოლური კლუბის კალენდარს, ფრანჩესკო კალცონას მომზადებულ გუნდს დარჩენილ ტურებში საკმაოდ მძიმე მატჩების ჩატარება მოუწევს.

კვირას, 28 აპრილს ნეაპოლელები „სტადიო მარადონაზე“ „რომას“ უმასპინძლებენ, რომელთანაც პირველ წრეში „ოლიმპიკოზე“ 0-2 ლორენცო პელეგრინისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით დამარცხდნენ. მთლიანობაში კი „ნაპოლისა“ და “რომას“ შორის აქამდე გამართული 51 თამაშიდან 21-ში მეტოქემ გაიმარჯვა, 13 ფრედ დასრულდა და 17 მოგება ნეაპოლელების ანგარიშზეა. „მარადონაზე“ შარშან  მასპინძლებმა 2-1 მოიგეს და პირველი გოლის დროს ვიქტორ ოსიმენს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიაწოდა.

რომაელებთან შეხვედრის შემდეგ ნეაპოლელები „სტადიო ფრიულიზე“ „უდინეზესთან“ ითამაშებენ, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ფრიულელების წინააღმდეგ პირველ წრეში კვარამ მიმდინარე სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - „პარტენოპეიმ“ მეტოქე 4-1 დაამარცხა, 23 წლის ქართველის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთშეხვედრებს თუ შევხედავთ, „ნაპოლის“ უდინელების წინააღმდეგ ასპარეზობა ძირითადად უადვილდება - 47 თამაშიდან მათ მეტოქე 24-ჯერ დაამარცხეს, 13 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 10-ჯერ წააგეს.

12 მაისს ნეაპოლელები საკუთარ სტადიონზე კიდევ ერთ უშუალო კონკურენტსა და მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენას „ბოლონიას“ უმასპინძლებენ, რომელთანაც პირველი წრის მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. „როსობლუსთან“ შარშანდელ სეზონში გამართულ საშინაო შეხვედრაში ხვიჩამ საგოლე პასი შეასრულა, ამ გუნდებს შორის მთლიანობაში ჩატარებული 39 თამაშიდან კი ნეაპოლელებს 21 აქვთ მოგებული, 7 ფრედ დასრულებული და 11 წაგებული.

ბოლოსწინა ტურში „ნაპოლის“ უეფას კონფერენს ლიგის ნახევარფინალისტ „ფიორენტინასთან“ სათამაშოდ „არტემიო ფრანკიზე“ უწევს ჩასვლა, რომელსაც ამ სეზონში უკვე ორჯერ შეხვდა -  პირველ წრეში 1-3 დამარცხდა, იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალში კი მეტოქეს 3-0 მოუგო. რაც შეეხება ხვიჩას, ფლორენციელების წინააღმდეგ გამართულ ოთხ შეხვედრაში მას „იების“ კარში ჯერ ბურთი არ გაუტანია.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 26 მაისს „ლეჩესთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 4-0 მოგებულ თამაშში გუნდის ქართველმა 77-ე ნომერმა მეორე გოლის დროს ოსიმენს ასისტენტობა გაუწია. ისე კი „ფიორენტინას“ მსგავსად, კვარას გოლი ჯერ არც „ლეჩესთვის“ არ აქვს გატანილი.

ოცდაცამეტი ტურის შემდეგ 49 ქულით „ნაპოლი“ მერვე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ „რომას“ ექვსი, მეექვსეადგილოსან „ლაციოს“ კი სამი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ კვარა ცდილობდა, დანარჩენები კი...“ - ჯაკერინი ემპოლისთან მარცხზე
„მხოლოდ კვარა ცდილობდა, დანარჩენები კი...“ - ჯაკერინი ემპოლისთან მარცხზე