„ჩემი გუნდით ვამაყობ“ - შენგელია ეფესთან მოგების შემდეგ
ევროლიგის პლეი-ინის მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ეფესი“ მძიმე ბრძოლაში 67:64 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლონიელთა ქართველი ლიდერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატერებულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა. საგულისხმოა, რომ ქულების რაოდენობით თოკო თავის გუნდში საუკეთესო იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შენგელიამ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თანაგუნდელები თავდადებული თამაშისთვის შეაქო.
რა თქვა თოკომ:
ამაყი ვარ ჩემი თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბითა და იმით, რაც დღეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესია. ამაღამ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და მიუხედავად აღმავლობისა და ვარდნისა, რომელიც ამ თამაშში გვქონდა, მთელი მატჩის განმავლობაში ერთობა არ დაგვიკარგავს და ერთმანეთის გვჯეროდა. სწორედ ეს იყო ამ გამარჯვების მთავარი გასაღები.
პლეი-ინის შემდეგ ეტაპზე „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდი, „ბასკონია“ იქნება. მატჩი 19 აპრილს, ესპანეთში თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „ვირტუსი“ ევროლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.