გიორგი მამარდაშვილი, უნაი ემერი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„მთავარი ფიგურა მამარდაშვილია“ - Marca-ს სტატია ვალენსიასა და მამარდაზე

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca „ვალენსიას“ მიმდინარე სეზონზე სტატიას აქვეყნებს და „ღამურების“ მიერ, დაცვაში კარგ თამაშზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიის ავტორი განსაკუთრებულად გიორგი მამარდაშვილს გამოარჩევს, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული სეზონი აქვს და თითქმის ყველა შეხვედრაში რამდენიმე დასამახსოვრებელ ეპიზოდს გვთავაზობს.

რა წერია სტატიაში:

სეზონის დაწყებამდე, ცხადი იყო, რომ რუბენ ბარახა შეტევის გაძლიერებას მოინდომებდა, მაგრამ გეგმა მყარ დაცვაზე უნდა აგებულიყო და ეს დავალება გუნდს პირველივე ვარჯიშებიდან მიეცა. ახლა, სეზონის დასრულებამდე 8 ტური დარჩა, თუმცა, გუნდმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. „ვალენსია“ ლა ლიგაში, საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, რომელმაც სეზონის დასაწყისში სასტარტო შემადგენლობის ორი ცენტრალური მცველი დაკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდმა უკვე მიაღწია დასახულ მიზანს.

სამეფო თასის ფინალში, „ატლეტიკ ბილბაოს“ გამარჯვების შედეგად, „ვალენსიას“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშის შანსი იქნება. თუ დარჩენილ დროში „ღამურები“ დამაჯერებლად თამაშს გააგრძელებენ და მე-7 ადგილს დაიკავებენ, მაშინ მიზანიც მიღწეული იქნება. ამის რეალური შანსი არსებობს, გუნდმა ბოლო ექვს მატჩში ოთხჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.

გაშვებული გოლების თვალსაზრისით, „ვალენსია“ ლიგაში მეოთხე გუნდია, მის წინ კი მადრიდის „რეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალ სოსიედადია“. ამ ფაქტორმა კლუბს კარგი შესაძლებლობა მისცა, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რაც შეიძლება მეტი ქულა დაეგროვებინა იმის მიუხედავად, რომ შეტევაში არც თუ ისე წარმატებულად თამაშობს.

მაგრამ მშრალად შენახული კარის და დაცვაში ტაქტიკურად მუშაობის გარდა, უნდა გამოვარჩიოთ კიდევ ერთი ადამიანის ფიგურა, ეს არის გიორგი მამარდაშვილი, რაც სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ქართველმა მეკარემ 30-დან 11 მატჩში არ გაუშვა გოლი, ეს კი ნათამაშები დროის 36,67%-ია. ეს მაჩვენებელი გუნდში მას შემდეგ არ დაფიქსირებულა, რაც „ღამურებს“ უნაი ემერი წვრთნიდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეს საუკეთესო შედეგია. 2009-2010 წლების სეზონში „ვალენსიამ“ ემერის ხელმძღვანელობით 17 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა, რაც თამაშების 44,74%-ია.

ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ბარახამ სეზონის სტარტზე ორი საკვანძო ცენტრალური მცველი დაკარგა, შემდეგ კი დიახაბი ტრავმის გამო გამოაკლდა, მის მაგივრად კი 19 წლის მოსკერა აირჩია, რომელიც დაცვის უფროსად წარმოჩინდა.

ამაში დიდი როლი გიორგი მამარდაშვილსაც მიუძღვის. ქართველი მეკარე ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო სეზონს ატარებს და გუნდის მიერ დაცვაში გაუმჯობესებული თამაშითაც ბრწყინვალედ სარგებლობს. მამარდაშვილი ლა ლიგაში მესამე მეკარეა, რომელსაც ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული და შესაბამისად, ქართველი ზამორას პრიზისთვის იბრძვის, სადაც კოეფიციენტების მიხედვით კონკურენტები უნაი სიმონი და რემირო იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 11 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი, 30 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კატასტროფა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია“ | კასანო ნაპოლიზე
„ეს კატასტროფა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია“ | კასანო ნაპოლიზე