კვარაცხელიას გარეშე ნაპოლი მთავარ კონკურენტთან შერცხვა
ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ატალანტასთან“ 0-3 განადგურდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. ანგარიში 26-ე წუთზე მირანჩუკმა პაშალიჩის გადაცემით გახსნა. შესვენებაზე გასვლამდე ერთი წუთით ადრე კი ალექს მერეტის კარში მეორე ბურთი ჯანლუკა სკამაკას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მატჩის სცენარის შეცვლა ორმაგი ცვლილებით სცადა, თუმცა სიტუაცია ვერც ნგონგესა და ზიელინსკის მოედანზე გამოჩენამ გამოასწორა. პირიქით - 88-ე წუთზე მასპინძლების კარში კიდევ ერთი ბურთი კოოპმაინერსმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0-3.
ოცდაათი თამაშის შემდეგ „ნაპოლი“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ „რომას“ ექვსი ქულით ჩამორჩება, თუმცა დედაქალაქელებს ნეაპოლელებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.