ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ხარისხით გამოირჩევა“ | რა თქვეს ბერძენმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებზე

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, დიმიტრიოს პელკასმა, გეორგიოს მასურასმა, ფოტის იოანიდისმა და ანასტასიოს ბაკასეტასმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ბერძენი მოთამაშეები რთულ მატჩს ელოდებიან და აცხადებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, „ჯვაროსნებს“ ხარისხიანი ფეხბურთელი უბრუნდებათ.

დიმიტრიოს პელკასი: „ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ, გრანდიოზული აღნიშვნა არ გვქონია და ემოციები შევიკავეთ. ვიცით, რომ დღეს პატარა რაღაც არ გაგვიკეთებია, მაგრამ მთავარი სამშაბათს გასამართი მატჩია. წარმატებას უნდა მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ჩვენი მიზანი ესაა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ევროპირველობაზე გავალთ“.

ფოტის იოანიდისი: „ერთი სული მაქვს, საქართველოსთან მატჩში მოედანზე როდის გავალ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ. ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ოცნებაა და მიზანს მივაღწევთ. კვარაცხელია? ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი არ მიყვარს. კვარაცხელია ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ ხარისხიანი მოთამაშეები ჩვენც გვყავს. თუ ისეთი ემოციებით ვითამაშეთ, როგორც დღეს, მიზანს მივაღწევთ“.

გეორგიოს მასურასი: „საქართველოსთან 100 პროცენტით დავიხარჯებით. ვფიქრობ, საბერძნეთი არის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს და 100 პროცენტით ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, რათა ფინალში საკუთარ თავსა და საბერძნეთის მოსახლეობას სიამაყის საფუძველი მივცეთ“.

ანასტასიოს ბაკასეტასი: „როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, თავის გასამართლებელი მიზეზები არ გვაქვს. სტუმრად ვითამაშებთ, მაგრამ წარსულში გამართულ საგარეო შეხვედრებში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მომდევნო დღეებში მეტოქის თამაშს გავაანალიზებთ და ვფიქრობ, დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავებული მატჩი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 სძლია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი 26 მარტს გაიმართება და მას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ფინალში კვარა ბრუნდება და იმედი მაქვს იმას გააკეთებს რაც შეუძლია
სანიოლი: ფინალში კვარა ბრუნდება და იმედი მაქვს იმას გააკეთებს რაც შეუძლია