ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ გაიტანა და საუკეთესო იყო | ნაპოლიმ ტორინოს ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და გოლის გატანასთან ახლოს რამდენჯერმე იყო, მაგრამ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი „ნაპოლის“ უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა პირველი რეალური მომენტი მე-14 წუთზე შექმნეს. „კვარა“ ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა „გრანატას“ მეკარემ, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. პირველ ტაიმში, „ტორინოს“ გოლკიპერმა კვარაცხელიას კიდევ ერთხელ აჯობა. 43-ე წუთზე, ხვიჩამ ვარდნაში თავით დაარტყა, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა რთული ბურთი მოიგერია და საწყისი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა. 61-ე წუთზე, კვარაცხელიამ მარიო რუის გადაცემით ისარგებლა, მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა. „ტორინომ“ წონასწორობა მალევე აღადგინა და თავი ანტონიო სანაბრიამ გამოიჩინა - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, „ნაპოლი“ ბევრს უტევდა და ძირითადად, კვარაცხელია აქტიურობდა. 86-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა შორიდან დაარტყა, მაგრამ მისი გასროლა მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე, „კვარას“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ „ტორინო“ ისევ მეკარემ გადაარჩინა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტოებმა, Whoscored-მა და Sofascore-მა ხვიჩას თამაში 8.0 ქულით შეაფასეს და ამ მხრივ, ის „ნაპოლიში" საუკეთესო იყო.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, საზონოვი კი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. „ტორინოსთან“ აღებული ქულის შემდეგ, „ნაპოლის“ 44 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ მერაბის მიერ წონის დაფიქსირებას
„მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ მერაბის მიერ წონის დაფიქსირებას