ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

7 გოლი ბოლო 10 მატჩში - ზივზივაძე მაგარ ფორმაშია და კაიზერს ლამაზი გოლი გაუტანა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კაიზერი’’ შინ „კარლსრუესთან’’ 0:4 დამარცხდა. ანგარიში 51-ე წუთზე შემტევი სტილის ნახევარმცველმა მარვინ ვანიცეკმა გახსნა. 58-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის კონკურენტმა იგორ მატანოვიჩმა შეაგდო. მესამე გოლი 81-ე წუთზე პაულ ნებელის ანგარიშზეა.

კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტოს მიღმა დატოვა, ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო, კონკურენტი მატანოვიჩი შეცვალა და მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, ჰაერში „დაეკიდა’’ და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა.

29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის მეორე ბუნდესლიგაში 22 მატჩში 8 გოლი შეაგდო, ბოლო 10 მატჩში ბუდუს ანგარიშზე 7 გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელებიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლებით ბუდუ ზივზივაძემ ხვიჩა შუბითიძის შედეგი გაიმეორა და ალექსანდრე იაშვილი/ლევან კობიაშვილის რეკორდს მიუახლოვდა.

2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო. 2003-04 წლების სეზონში ხვიჩა შუბითიძე აუე-ს 28 შეხვედრაში 8 გოლით დაეხმარა, ბუდუმ მიმდინარე სეზონში შუბითიძის შედეგი გაიმეორა, სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და კობიაშვილი/იაშვილის შედეგის გამეორების/გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს.

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე'' 32 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს. 24-ე ტურში „კარლსრუე''„ფიურტს'' მიიღებს (2 მარტი, 23:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები