ილია თოფურია, დენა უაითი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ეს ბიჭი ნამდვილად განსაკუთრებულია, ბრწყინვალედ იჩხუბა“ | რა თქვა დენა უაითმა ილიაზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. უაითმა „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ასეთ ბრძოლებში გამოცდილების არქონის მიუხედავად, მან შესანიშნავად იასპარეზა.

„ვოლკანოვსკისთან ჩხუბამდე, ილიაზე ბევრი შეკითხვა იყო გაჩენილი. ასეთი მთავარი მოვლენის მონაწილე არასდროს ყოფილა და არც ასეთი ტემპერატურა და წნეხი უგრძნია, მაგრამ უკეთეს გამოსვლას უბრალოდ ვერ აჩვენებდა. თანაც, ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თოფურია სოლიდური, ძალიან სოლიდური იყო.

ესპანეთი? ესპანეთში წასვლა მეც მინდა. წავედით ესპანეთში! აუცილებლად წავალთ! ვის შეხვდება ილია? წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ვოლკანოვსკი მატჩრევანშს იმსახურებს თუ არა, ამაზე საუბარი ახლა ადრეა. ვოლკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ამ წონაში ნამდვილად ყველა დროის საუკეთესოა, თოფურიამ კი ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა. თუ განაგრძო იმის კეთება, რასაც აკეთებს, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში სერიოზული ძალა იქნება.

ილიას მომავალი? თოფურია ჰგავს მებრძოლს, რომელსაც შეუძლია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი უნდა გაასუფთაოს და შემდეგ იფიქროს მომავალზე და ახალ გამოწვევებზე. არ მგონია, კონორი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ოდესმე ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს არასდროს მოხდება და მაკგრეგორთან ჩხუბი ყველას უნდა.

ილიას საკუთარი თავის ნამდვილად სჯერა. რაც გინდათ ის უწოდეთ, ფაქტია, ყველაფერი რეალობად აქცია. თანაც ეს ბრწყინვალე სტილში, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ გააკეთა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ წონაში მაქს ჰოლოუეი ჩხუბობს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ილია განსაკუთრებულია და შეუძლია, UFC-ი ახალ ბაზარზე გაიყვანოს“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ „ვოლკი“ მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ ზედიზედ მე-15 ბრძოლა მოიგო და მისი წაგებების გრაფაში კვლავინდებურად ნული წერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე