ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი, კრაიოვას უნივერსიტატია
Aa
Aa

ხვიჩა ჩემი ახლო მეგობარია - მექვაბიშვილი კვარაზე, კრაიოვასა და სანაკრებო წარმატებაზე (U21)

რუმინული საფეხბურთო კლუბის, კრაიოვას „უნივერსიტატეას'' ქართველმა ახალწვეულმა ანზორ მექვაბიშვილმა კლუბის ოფიციალურ ჟურნალთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. 22 წლის საყრდენი ხვიჩა კვარაცხელიაზე, კრაიოვას „უნივერსიტატეას'' ქომაგებზე, გასულ ზაფხულში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატსა და რუმინულ კლუბში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

„ხვიჩა ჩემი  მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვთამაშობდით ასაკობრივ გუნდებში, ჩვენი ერთი თაობა ვართ. ხშირად ვსაუბრობთ, ერთმანეთთან ახლოს ვართ, ერთი თვის წინ ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა. არ ვიცოდი „კრაიოვასა და „ნაპოლის’’ მსგავსებაზე, მაგრამ ფაქტია სტადიონზე საუცხოო გარემოა. ამას გარდა ვნახე ფოტოები, სადაც ჩანს რომ სტადიონი სავსეა. გასულ წელს, როცა „ნაპოლიმ’’ სერია ა მოიგო, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ქომაგები იყვნენ. ჩემთვის ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ქომაგებს საკვანძო როლი აქვთ’’.

ანზორ მექვაბიშვილმა გასულ ზაფხულში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ისაუბრა, როცა საქართველს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ისეთ გუნდებს აჯობა, როგორებიც პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია არიან.

„პირველ ადგილზე გავედით, თამაში არ წაგვიგია იმ ჯგუფში, სადაც პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია თამაშობდნენ. ქართული ფეხბურთის ისტორიის დაწერაში მონაწილეობა მივიღე. ალბათ, ამ წარმატების გარეშე „კრაიოვაში’’ ჩემი ტრანსფერი არ გამოვიდოდა. შესაძლოა, ძალიან მაღალი არ ვარ, მაგრამ კარგი ინტელექტი მაქვს, რომელიც თამაშის წაკითხვასა და განჭვრეტაში მეხმარება. „კრაიოვაში’’ გადმოსვლამდე გიორგი აბუაშვილს ვესაუბრე, რომელიც „პეტროლულში’’ თამაშობს. მან მითხრა, რომ რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერი ლიგაა. მან განსაკუთრებით შეაქო ფეხბურთელები. მისი თქმით, საქმეს პროფესიულად უდგებიან, მატჩებისთვის კარგად ემზადებიან და აქ თავის დამკვიდრება ადვილი არაა’’.

რუმინული მედიის ინფორმაციით, კრაიოვას „უნივერსიტატეამ'' ანზორ მექვაბიშვილი თბილისის „დინამოდან'' 750 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა. აღნიშნული თანხა ბონუსებს მოიცავს.

რუმინეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატეა'' შინ FCSB-სთან 0:3 დამარცხდა. ამ მატჩში მექვაბიშვილის დებიუტი შედგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს წარმატებული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 50-ე წუთზე ბურთი დაკარგა და სტუმართა კონტრშეტევა გოლით დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ „უნივერსიტატეა'' მე-5 ადგილზე დაქვეითდა, შემდეგ ტურში „სეპსის'' ესტუმრება (4 თებერვალი, 17:30).


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები