ლუკა ლაცაბიძე, მარინო პუშიჩი
Aa
Aa

ლაცაბიძეს ვაკვირდებით - შახტარის მწვრთნელმა 19 წლის ტალანტზე ისაუბრა

„შახტარის’’ მთავარმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მათ შორის ლუკა ლაცაბიძეზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინული კლუბი აკვირდება. 19 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა „პიუნიკთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში მეორე ტაიმში ცვლილებაზე ითამაშა.

52 წლის ხორვატი სპეციალისტი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

- თამაშის შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცით. რა იყო ამხანაგური მატჩის მთავარი იდეა?

-  ყველა ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება. ყველას მთელ სათამაშო დროს ვერ დავუთმო. ამგვარად, თითოეული 45 წუთით ვათამაშე. ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის შესაძლებლობა მივეცი, რომ თითოეული საქმეში მენახა. ვგულისხმობ ცუკანოვს, ოჩერენკოსა და ლუკას - ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოდან, რომელსაც ვაკვირდებით, ჩვენთან სინჯებზე იმყოფება. მათ საკმაოდ დატვირთული კვირა ჰქონდათ, კვირის განმავლობაში მატჩამდე ათ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობდნენ, რაც ცოტა არაა. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფიზიკურად და მენტალურად უფრო გაძლიერებულიყვნენ. ეს იყო მატჩის მიზანი. ახალგაზრდა ფეხბურთელთა თამაშით კმაყოფილი ვარ.

„შახტარი“ ლაცაბიძეს კარგად იცნობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან ერთად გასულ ზაფხულში როტერდამში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „შახტარს“ მისი გაფორმება ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. ლუკა „შახტართან'' ერთად მიმდინარე შეკრებაზეც იმყოფება. შესაძლოა, კარიერა უკრაინულ კლუბში გააგრძელოს, თუმცა საკითხი გადაწყვეტილი არაა.

ცნობისთვის, ლაცაბიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება და საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 150 000 ევროა.

ფოტო: თბილისის „დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები