მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„სეხუდოს სუსტი წერტილები არ აქვს, რთული მეტოქეა“ | მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC Unfiltered-ის პოდკასტის სტუმარი იყო და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. თბილისის დროით, 18 თებერვალს, „მანქანა“ ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და როგორც დვალიშვილი აცხადებს, რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

სეხუდოს სუსტი წერტილები

„დავინახე თუ არა სეხუდოს სუსტი წერტილები მისი და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბისას? ალჯოსთან სეხუდოს სუსტი წერტილები არ გამოჩენილა და ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. მართალია სტერლინგმა გაიმარჯვა, მაგრამ ჰენრიმ მას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. სეხუდოსთან ჩხუბი ჩემთვის გამოწვევა იქნება, რადგან ის კარგი მოჭიდავე და სტრაიკერია. მისი პარტერში გადაყვანა ან მასთან დგომში დარტყმების გაცვლა ძნელი იქნება, მაგრამ ჩემი თავის მჯერა და იმედია, გავიმარჯვებ. მას სუსტი წერტილები არ აქვს. სეხუდოს უდიდეს პატივს ვცემ. ვიცი, რომ კარგი მებრძოლია და ვხვდები, რომ რთული ჩხუბი მელოდება. საკუთარ თავზე ვიქნები კონცენტრირებული და გავაკეთებ იმას, რასაც ყოველი ბრძოლისას ვაკეთებ“.

3-რაუნდიანი თუ 5-რაუნდიანი ჩხუბი

„იქნება თუ არა ჩემთვის უკეთესი, რომ ბრძოლა 5-რაუნდიანი იყოს? დიახ, ასე მგონია. ჩემს მენეჯერს ვთხოვე, UFC-სთან გაარკვიოს არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენი ბრძოლა 5-რაუნდიანად გადაკეთდეს (ამ მომენტისთვის, 3-რაუნდიანია). 5-რაუნდიანი ჩხუბები მირჩევნია, რადგან ასეთი ბრძოლებისას თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. 3 რაუნდის შემდეგ გახურებული ვარ და ბოლო ორ რაუნდში უფრო მეტს ვაჩვენებ, ვიდრე პირველ სამში“.

შონ ომალისა და მარლონ ვერას ჩხუბი

„შონ ომალისთან მე უნდა მეჩხუბა, მაგრამ შუგა ჩიტო ვერას შეახვედრეს, რომელიც ტოპ 15-ში მე-6 ნომერია. მესმის, რომ კომპანიისთვის ეს უკეთესი ვარიანტია და კარგი ჩხუბი გველოდება. ვფიქრობ, ომალი მოიგებს, მაგრამ უშანსოდ არც ჩიტოა. მათ ბრძოლას დავესწრები და დარწმუნებული ვარ, სეხუდოს დამარცხების შემდეგ, მათ გამარჯვებულს შევხვდები“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა“ | მეცში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
„მისი დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა“ | მეცში მიქაუტაძეზე ისაუბრეს