შენგელიას 30 წუთი და დიდი ბრძოლა მილანში - ვირტუსი ბოლო წამებზე დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით, 82:80 დამარცხდა.
შეხვედრა ფაქტობრივად მთელი თამაშის განმავლობაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და მასპინძლებმა გარდატეხის შეტანა დასკვნით მეოთხედში შეძლეს.
რაც შეეხება შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ასევე, მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. თოკოს ანგარიშზე სამიდან სამი თავისუფალი და 14-დან 5 ორქულიანი იყო. ასევე, ერთხელ სცადა პერიმეტრიდან ჩაგდება, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.
ქულების რაოდენობით საუკეთესო „ვირტუსის“ ერთ-ერთი ლიდერი, მარკო ბელინელი გახდა - 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი 22 წუთში, მილანელებიდან კი ნიკოლო მელი გამოირჩა, რომელმაც 24 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი მოაგროვა.
11 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებითა და სამი მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ ბრეშას 1 მოგებით ჩამორჩება. შენგელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა ევროლიგაზე, 14 დეკემბერს სტუმრად „ბასკონიასთან“ ელის.