ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  09:41

ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 10 ქულის სხვაობით, 121:111 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი „მეჯიქის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგა ბითაძემ 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი შემოგვთავაზა. მის ანგარიშზე სამიდან სამი ორქულიანი იყო, ასევე, თითო-თითოჯერ ისროლა საჯარიმოდან და სამქულიანი, თუმცა, ორივე მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა. ამის გარდა, ქართველმა ცენტრმა დაფარება მიითვალა, მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

ქულების რაოდენობით, საუკეთესო ბითაძის თანაგუნდელი, პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც მეტოქის ფარზე 37 წუთში 42 ქულა მოაგროვა, შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად კი კლივლენდის ერთ-ერთი ლიდერი, დონოვან მიტჩელი დასახელდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 37 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

„ორლანდო მეჯიქისთვის“ ეს მარცი მიმდინარე სეზონში მე-7 იყო. ზედიზედ 8-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ქართველი ცენტრის გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, თუმცა, 7 მარცხის გარდა 14 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე