„შედეგებზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ“ - ლევან მაისაშვილის ანგარიში
Aa Aa
30 ნოემბერი 2023  |  15:14

„შედეგებზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ“ - ლევან მაისაშვილის ანგარიში

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ლევან მაისაშვილისგან 2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების გამოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში მოისმინა.

ბორჯღალოსნების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა სელექციაზე, მოსამზადებელ შეკრებებზე, ვარჯიშებზე, მიზნებზე და იმ ხელისშემშლელ პირობებზე, რომელმაც გუნდს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

მიზანი – ოთხივე თამაშზე მოსაგებად გასვლა და ორი გამარჯვება იყო. სამწუხაროდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვების მოპოვება ვერ მოხერხდა – 65-70 წუთი თამაშში დარჩენის მიუხედავად, ავსტრალიამ 35:15, ხოლო უელსმა 43:19 მოიგო; ფრედ ვეთამაშეთ პორტუგალიას (18:18), ფიჯისთან კი ნუგეშის ქულას დავჯერდით – 12:17.

ფიჯისთან მატჩის შემდეგ, ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული მსაჯის 13 უხეში შეცდომიდან, მსოფლიო რაგბიმ 7 აღიარა…

მთლიანობაში, მსოფლიო თასზე საქართველომ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა რეალიზების პროცენტი ძალიან დაბალი იყო – დაახლოებით 33%. შედარებისთვის, უელსი საქართველოს 22-ში 8-ჯერ შევიდა და აქედან 6 შემთხვევაში ქულა აიღო.

ყველაზე მეტი დისკუსია სასელექციო პროცესმა და მოსამზადებელმა პერიოდმა გამოიწვია.

ლევან მაისაშვილი:

მიუხედავად შეუსრულებელი მიზნისა, რომ მქონდეს არჩევანი, მიზნებსა და გეგმებში ბევრს არაფერს, ან ვერაფერს შევცვლიდი. ვთვლი რომ გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად თამაშობდა და თუ სტატისტიკას და თანმიმდევრობას დავაკვირდებით ადვილი დასანახია – აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასზე ყველა თამაშში მოსაგებად ებრძოლა.

სამი წაგებიდან მოგებამდე, ძალიან ცოტა დაგვაკლდა. შევცვალეთ სტანდარტი, პირველ რიგში საკუთარი თავისათვის. დღეს ყველა მოთამაშეს და მომავალი სტაფის წევრს, მხოლოდ ერთი სტანდარტი შეიძლება ქონდეს – ყველა გუნდთან მოსაგებად დაგეგმოს თამაში. თუ გულწრფელები ვიქნებით და წარსულს გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით. ჩვენ დავუმიზნეთ ოთხივე თამაშს, ვერ შევძელით, მაგრამ არ ვთვლი რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო. ვერ ავწიეთ ის ტვირთი რაც მხრებზე დავიდეთ. ბევრ რამეში არ გაგვიმართლა. ალბათ თავგანწირვაც დაგვაკლდა. მაგრამ მცდელობა ნამდვილად გვქონდა. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ შედეგებზე.

გამგეობის სხდომაზე გაიცა ის რეკომენდაციები, რომელსაც ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს.

შეხვედრის დასასრულს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და გამგეობის წევრებმა, ლევან მაისაშვილს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, ისტორიული გამარჯვებებისთვის (იტალიასთან და უელსთან) და იმ პროგრესისთვის, რაც ქართულმა რაგბიმ ბოლო პერიოდში განიცადა.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი პარალელურად უნდა მუშაობდეს „შავ ლომში“, რაზეც გამგეობის წევრებიც თანხმდებიან და სანამ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, ლევანი მოვალეობის შემსრულებლად რჩება. სამომავლოდ, ის წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას კვლავ ქართულ რაგბის მოახმარს, მანამდე კი „შავ ლომს“ ჩელენჯ თასის ისტორიულ სეზონში ევროპული გრანდების წინააღმდეგ გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები