შოტლანდიის ნაკრებში ცვლილებაა | ჩე ადამსი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს. თბილისის დროით, 21:00-ზე, „ჯვაროსნები“ შოტლანდიას დაუპირისპირდებიან და სტივ კლარკს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოუწია.
შოტლანდიური პრესის ინფორმაციით, საქართველოსთან მატჩს ჩე ადამსი გამოტოვებს. „საუთჰემპტონის“ თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და თურქეთში, სადაც „სკოტები“ მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს გაივლიან, გუნდთან ერთად არ გაემგზავრა.
ჩე ადამსის ნაცვლად, სტივ კლარკმა ლოურენს შენკლანდი გამოიძახა. ეს უკანასკნელი „ჰართსის“ თავდამსხმელია და მიმდინარე სეზონში გამართულ 19 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.
როგორც მოგეხსენებათ, შოტლანდიას ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს. „სკოტები“ 15 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და უშუალო მდევარს, ნორვეგიას, რომელსაც მათზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული, 5 ქულით უსწრებენ.