ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა Tv Play-ისთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას მბაპე-ჰოლანდთან კონკურენციაში შესვლა და ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

ბუფონი ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოცემული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნის სახელწოდება ასეთია: „კვარადონა - ქართული სასწაული''.

„კვარაცხელიამ ჩემი ყურადღება უმალ მიიქცია, რადგან იტალიაში თავი სწრაფად დაიმკვიდრა. ფიზიკური მონაცემებით ყველაზე მეტად ლენტინის მაგონებს, ამ ტიპის ფეხბურთელია. შესაძლოა, ლენტინი უფრო მეტად სწორხაზოვანი იყო, კვარაცხელიას კი დრიბლინგის ისეთი უნარები აქვს, რაც ძალიან ცოტა ფეხბურთელში მინახავს.

მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ან საუკეთესო სამ კანდიდატში მოხვედრა, რაც ასევე დიდი წარმატება იქნება. ოქროს ბურთის მოსაგებად საჭირო ისტორიული მომენტიც საჭიროა, რაღაცები კარგად უნდა დაემთხვეს და ასეთ შემთხვევაში ოქროს ბურთის მოგება რეალურია.

რონალდუს, მესისა და ნეიმარის ეპოქა სრულდება, ისინი ნამდვილი „კანიბალები'' არიან. კვარაცხელიას კონკურენციაში შესვლა მბაპესთან და ჰოლანდთან მოუწევს, მას ეს შეუძლია და ამისთვის ყველა მონაცემი აქვს''.

შეგახსენებთ, 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები