ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

თბილისელი ჯადოქარი | Corriere dello Sport-მა კვარა შეაქო, გარსია და ნაპოლი კი გააკრიტიკა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინს“ შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 1:0 მოიგო. Corriere dello Sport-მა რუდი გარსიას გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში გააკრიტიკა, ქართველი შემტევის მისამართით კი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„65 წუთი ზუსტი დარტყმის გარეშე. 65 წუთი საგოლე მომენტის გარეშე. მომაკვდინებელი მოწყენილობის 65 წუთი. შემდეგ კი ბერლინის წვიმიანი საღამო თბილისელმა ჯადოქარმა გაანათა. სლალომი მარცხენა ფლანგზე, მისთვის დამახასიათებელი გამაბრუებელი მოძრაობები და პასი რასპადორის, რომლის გოლითაც ნაპოლიმ 3 ქულა და ჯგუფიდან გასვლის სერიოზული გარანტია მოიპოვა.

კვარაცხელია ერთადერთი იყო, ვინც ოლიმპიაშტადიონზე შექმნილი ერთფეროვნება დაარღვია. ერთადერთი იყო, ვისი წყალობითაც რუდი გარსიამ სტუმრად ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, თუმცა ფრანგ სპეციალისტს გამარჯვების გარდა, არაფერი აქვს დასამახსოვრებელი. საერთო სურათს რომ შევხედოთ, ნაპოლიმ იმედგამაცრუებელი შთაბეჭდილება დატოვა. დაცვაში კანკალებდა და უკნიდან პრაქტიკულად არც ერთი იერიში არ დაუწყია. უნიონ ბერლინის ორი შემტევის გამო, რომლებიც პარტენოპეის გარემარბების უკან სივრცეს პოულობდნენ, გარსიას დაცვის ხაზს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბურთის ქონისას, ნაპოლი ურს ფიშერის გუნდს ვერაფერს უხერხებდა და სივრცეს ვერ პოულობდა. მეორე ნახევარში, გარსიამ ვითარების შეცვლა ელმასის შეყვანით სცადა და დრო ლინდსტრომსა და სიმეონესაც დაუთმო, მაგრამ უნიონ ბერლინის ბარიერებს გასაღები ვერ უპოვა. საბოლოოდ, ერთი კარში დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა და ასეთი ცინიკური ნაპოლი დიდი ხანია არ გვინახავს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და უცხოური გამოცემებისგან უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. 3 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ C ჯგუფში 6 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ასეთი კვარა ნაპოლის ჰაერივით სჭირდება - იტალიური მედია ხვიჩაზე
ასეთი კვარა ნაპოლის ჰაერივით სჭირდება - იტალიური მედია ხვიჩაზე