მხოლოდ გოლები აკლია | ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
ფრანგულმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Data'Scout-მა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Data'Scout-მა გასულ და მიმდინარე სეზონში, „კვარას“ მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა განიხილა და დაუპირისპირდა მოსაზრებას, თითქოს ხვიჩას სერიოზული ჩავარდნა აქვს.
Data'Scout-ის მიხედვით, სერია A-ში მოასპარეზე გარემარბებს შორის კვარაცხელია პირველია მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლით (xG), დრიბლინგის მცდელობების რაოდენობით, მეტოქის კარისკენ განხორციელებული დარტყმების რაოდენობით, ბურთთან ერთად წარმატებული წინსვლების რაოდენობითა და მეტოქის საჯარიმოში განხორციელებული შეხებების რაოდენობით (საშუალოდ 90 წუთში).
ხვიჩა მოსალოდნელი გოლების გრაფაში თითქმის ორჯერ უფრო მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, ვიდრე გასულ სეზონში (0.26 გასულ სეზონში, 0.45 მიმდინარე სეზონში). კვარაცხელიას მომატებული აქვს დაცვაში და საშუალოდ 90 წუთში თითქმის 2.5-ჯერ მეტ ჩაჭრას ახორციელებს, ვიდრე გასულ სეზონში. იგივე ეხება ვარდნებსაც.
„კვარას საოცარი ფორმა, რომელშიც 2022 წლის ზაფხულიდან, 2023 წლის თებერვლამდე იმყოფებოდა, სტატისტიკური ანომალია გახლდათ. ამ პერიოდში, მას 90 წუთში საშუალოდ 0.55 გოლი გაჰქონდა, როცა მოსალოდნელი გოლების გრაფაში 0.28 ეწერა. სავსებით ნორმალურია, რომ გატანილი გოლების მხრივ, ტემპი დააგდო“, - წერს სააგენტო.
Data'Scout-ის გარდა, უნდა ვისაუბროთ Il Mattino-ს სტატიაზეც. იტალიურმა გამოცემამ სტატისტიკური სააგენტოს, DataFoot-ის მონაცემები გამოიყენა და გვაუწყა, რომ სახიფათოობის ინდექსის მიხედვით, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელია ევროპაში მე-5 ფეხბურთელი გახლავთ.
სახიფათოობის ინდექსის გამოსათვლელად წარმატებული დრიბლინგების რაოდენობა, დრიბლინგის მცდელობების რაოდენობა და ფეხბურთელის მიერ შექმნილი შანსების რაოდენობა გამოიყენება. ხვიჩას სახიფათოობის ინდექსი 0.9 გახლავთ და ევროპის მასშტაბით, მას მხოლოდ ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), არნო ნორდენი (მონპელიე), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი) და ნიკო უილიამსი (ბილბაო) უსწრებენ.