ჯორჯო კიელინი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სკანდალური დერბი | კიელინი და სპალეტი მსაჯებს გვირაბთან დაუპირისპირდნენ

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ინტერმა იუვენტუსი 3:2 დაამარცხა. ეს იყო ქაოსური და სკანდალურ დერბი, ანდრეა კამბიასომ გოლი ორივე კარში გაიტანა, შემდეგ კი მანუელ ლოკატელიმ უპასუხა ესპოზიტოს მიერ თავით გატანილ გოლს. ათი კაცით დარჩენილი იუვე ბოლომდე იბრძოდა, ანგარიში 2:2-მდე გაათანაბრა, თუმცა 90-ე წუთზე მაინც დამარცხდა, როდესაც ჟელინსკის დარტყმული ლოკატელის ფეხებს შორის გაძვრა და დაბნეული მიკელე დი გრეგორიო დააბნია. უშუალოდ შესვენების წინ პიერ კალულუსთვის მიცემულმა წითელმა ბარათმა თამაში შეცვალა, მეორე ყვითელი ბარათი მას ისეთ ეპიზოდში უჩვენეს, სადაც ალესანდრო ბასტონისთან კონტაქტი საერთოდ არ ყოფილა.


მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარის შესაფასებლად ჯორჯო კიელინი გამოვიდა, რომელმაც ყურადღება განსაკუთრებით მსაჯების გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ტურინულ კლუბში მუშაობს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ჯორჯო კიელინი Sky Sport Italia-სთან: „იმის შემდეგ, რაც დღეს მოხდა, ფეხბურთზე ვერ ვისაუბრებთ. დღეს სრულიად მიუღებელი რამ მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩვენ დაგვემართება თუ სხვას — სავარაუდოდ, ხვალიდანვე VAR-ი უნდა შეიცვალოს, რადგან დაუშვებელია ამდენი შეცდომა ხდებოდეს, მით უმეტეს, ასეთ დიდ თამაშებში.

სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობთ, რომ მსაჯობის დონე შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და, სამწუხაროდ, დღეს მთელ მსოფლიოს სწორედ ასეთი სანახაობა ვაჩვენეთ. ეს მიმდინარე სეზონში ბევრ გუნდს დაემართა. უნდა შევიცვალოთ, არ შეიძლება მუდმივად ასე ვაჭიანურებდეთ გადაწყვეტილებებს, როგორც ეს იტალიურ ფეხბურთში გვჩვევია.

სეზონის დაწყებიდან მოყოლებული ბევრი კლუბი ჩივის, რომ ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ შეესაბამება სერია A-ს დონეს. არ ვიცი, სათანადოდ არ არიან მომზადებულნი თუ უბრალოდ არ შესწევთ ძალა, მაგრამ ფაქტია: მსაჯები სერია A-ს ფეხბურთის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.“

ჟურნალისტის კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ იუვენტუსი მსაჯების დანიშვნაზე პასუხისმგებელი პირის, ჯანლუკა როკის გადადგომას ითხოვს?

„თუ გნებავთ, პირდაპირ ვიტყვი. აშკარაა, რომ მსაჯთა კორპუსი გამართულად ვერ მუშაობს. თუ როკი გამუდმებით ამბობს, რომ წავა, ვნახოთ, მართლა წავა თუ არა ახლა''.

„გასულ კვირას დე როსი ჩიოდა, მანამდე — გასპერინი და კონტე, ასე რომ, ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელნი. აშკარაა, რაღაც არ მუშაობს და პირველი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პროტოკოლის შეცვლაა.

მისმინეთ, ეს გულდასაწყვეტია. მსაჯებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მოთამაშეები და მწვრთნელები, მაგრამ ფაქტია, ლა პენა ამ თამაშის დონეს ვერ გაუძღვა.“

სპალეტი ჯერ კიდევ გასულ კვირას ჩიოდა სერია A-სა და იტალიის თასზე მსაჯობის გამო. ასე რომ, ლა პენას დღევანდელ გამოსვლას მისი განწყობა ნამდვილად არ გამოუკეთებია.

„ცხადია, როგორც კლუბი, ვგრძნობთ, რომ დღევანდელი დღე სამარცხვინოა. სამარცხვინოა ის, რაც დღეს მოხდა. კლუბის პოზიცია, დაწყებული მფლობელებიდან, დამთავრებული გულშემატკივრებით, მოთამაშეებითა და მწვრთნელით, ძალიან მკაფიოა: ეს აღარ უნდა განმეორდეს. ეს ხდება ისევ და ისევ, კიდევ და კიდევ... დღევანდელი საღამო კი იმ ყველაფრის კულმინაცია იყო, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვხედავთ. ასეთი მატჩისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, ეს უბრალოდ სირცხვილია'' - განუცხადა იუვეს გენერალურმა მენეჯერმა დამიენ კომოლიმ Sky Sport Italia-ს.

არსებობდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უყვირიან გამწარებული კიელინი, კომოლი და იუვენტუსის სხვა წარმომადგენლები მსაჯ ლა პენას გვირაბში, შესვენებაზე გასვლისას. ესაუბრნენ თუ არა მას მატჩის შემდეგ?

„არა, თამაშის შემდეგ ლა პენას არ დავლაპარაკებივართ,“ — დაადასტურა კომოლიმ.

„ძალიან რთულია ასეთ უსამართლობასთან შეგუება, ძალიან რთული. ვალდებულნი ვართ, ხმა ამოვიღოთ. ჩვენ ვესაუბრეთ ლუჩანოს, ფრანსუასა და ჯორჯოს. მოთამაშეებს არ დავლაპარაკებივარ, მხოლოდ მადლობა გადავუხადე, მათ ძალიან მაგრად იბრძოლეს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ საღამოს ფეხბურთზე საუბარი შეგვიძლია.

მწვრთნელი უკიდურესად იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, ეს სრულიად მიუღებელია.“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები