გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, ილიას ზუროსი, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი
Aa
Aa

ისტორია დაწერილია | საქართველოს ნაკრები 16 საუკეთესო გუნდს შორისაა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა. ილიას ზუროსის გუნდმა, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპი დაძლია და საუკეთესო 16 ნაკრებს შორის ადგილი დაისაკუთრა. ჩვენმა კალათბურთელებმა გადამწყვეტი შეხვედრა ვენესუელას წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

სლოვენიასთან და კაბო ვერდესთან გამართული მატჩებისგან განსხვავებით, ვენესუელასთან ბრწყინვალე სტარტი გამოგვივიდა. თორნიკე შენგელიასა და რატი ანდრონიკაშვილის კარგი თამაშის წყალობით, რასაც თად მაკფადენის სამქულიანიც დაემატა, 15:10 დავწინაურდით და მეტოქეს ტაიმაუტის აღება ვაიძულეთ. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩვენი უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა, თუმცა ზედიზედ ორი სამიანი მივიღეთ და საბოლოოდ, პირველი მეოთხედი 24:19 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში, ზუროსის ბიჭები დაცვაში ფენომენალურად გამოიყურებოდნენ. 10 წუთის განმავლობაში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა ავაღებინეთ და სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ. ვენესუელელები ძირითადად პერიმეტრიდან უტევდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ და საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 42:23 მოიგო.

მესამე მეოთხედის სტარტი ქულა-ქულაში წარიმართა და გუნდები დაცვაზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებდნენ. დუდა სანაძის ჯარიმების შემდეგ, ჩვენი უპირატესობა 23 ქულამდე გაიზარდა. ვენესუელის ნაკრებმა ჩამორჩენა შეამცირა და სხვაობა 15 ქულამდე ჩამოიყვანა. მატჩის დასკვნით პერიოდში, საქართველოს ნაკრებს მეტოქე ახლოს არ მოუშვია და კომფორტული უპირატესობით იმარჯვა -70:59.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგა ბითაძეს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. დუდა სანაძესა და რატი ანდრონიკაშვილს 9-9 ქულა ჰქონდათ, ხოლო გიორგი შერმადინმა 4 ქულა ჩააგდო. ამრიგად, საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და გერმანიასთან და ავსტრალიასთან ერთად K ჯგუფს შექმნიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ არ გინდა გაარკვიო საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყო“ | დენა უაითი მერაბზე
„თუ არ გინდა გაარკვიო საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყო“ | დენა უაითი მერაბზე