საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, ავთანდილ ბახტაძე
Aa
Aa

ბახტაძის აღიარება - 15 წლის კალათბურთელი FIBA-ს ტოპ 5-ში მოხვდა

FIBA-მ B დივიზიონის საუკეთესო ხუთი კალათბურთელი დაასახელა, მათ შორის 15 წლის ავთანდილ ბახტაძე მოხვდა, რომელმაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

FIBA ქართველ კალათბურთელზე წერს: „ბახტაძემ მესამე ადგილისთვის მოგებულ მატჩში მთავარი როლი შეასრულა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბახტაძემ 18 ქულა ჩააგდო და 15 მოხსნა შეასრულა. ტურნირზე ბახტაძის საშუალო მაჩვენებელი 18 ქულა, 10,3 მოხსნა და 1,1 ბლოკია’’.

FIBA-ს ტოპ 5-ში ბახტაძესთან ერთად ბორნა კატანოვიჩი, როკო იემო, ივაილო სკრინსკი და ალექსანდრ დინუ მოხვდნენ.

ავთანდილ ბახტაძე „ჟალგირისის“ 18-წლამდე გუნდის კალათბურთელია.

შეგახსენებთ, B დივიზიონში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში რუმინეთი 70:68 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი ქულა მათე ხატიაშვილმა ჩააგდო. მან 22:11 წუთი ითამაშა, მის აქტივში 23 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია. ავთანდილ ბახტაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი. მან პარკეტზე 34 წუთი გაატარა. ასევე, კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ჭირაქაძემ, რომელიც 11 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები