საზონოვი ეძვირათ | ლიონი ირლანდიელ მცველს იფორმებს
„ლიონმა“ „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელის, საბა საზონოვის ტრანსფერზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა, L’Equipe-ი ავრცელებს და წერს, რომ ფრანგულმა კლუბმა შეარჩია მოთამაშე, რომლითაც დაცვის ხაზს გააძლიერებს.
„ლიონი“ „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელს, ჯეიკ ობრაიენს გაიფორმებს და იგი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის. კლუბის მფლობელი, ჯონ ტექსტორი ირლანდიელ მცველს ძალიან კარგად იცნობს და ობრაიენმა გასული სეზონი ტექსტორის მფლობელობაში მყოფ გუნდში, „მოლენბეკში“ გაატარა.
L’Equipe-ის ინფორმაციით, მიზეზი, რომლის გამოც, საზონოვის ტრანსფერზე უარი ითქვა, ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. ფრანგულ კლუბს საბას სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, რასაც „ლიონმა“ ობრაიენის 1 მილიონად შეძენა არჩია. იგი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ საზონოვს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. სხვადასხვა დროს, იგი „ფროზინონეს“, „სასუოლოს“, „უდინეზეს“, „გალათასარაისა“ და „ჰამბურგს“ დაუკავშირეს.