„ვოლკი საერთოდ სხვა დონეა“ - კელვინ კატარმა ილია VS ვოლკანოვსკიზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კელვინ კატარმა ილია თოფურიასა და მოქმედი ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. გიგა ჭიკაძის ყოფილმა მეტოქემ განაცხადა, რომ „ვოლკი“ საერთოდ სხვა დონეა და „ელ მატადორს“ მის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება.
„ილია თავის ბრძოლებში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ალექსი საერთოდ სხვა დონეზეა. თოფურია მაგარი მებრძოლია, მაგრამ არ უჩხუბია ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც ვოლკანოვსკის ჰყოლია, ვოლკი კი მათ წინააღმდეგაც ბრწყინვალე იყო.
ჩემი აზრით, ტოპ 5-ში საერთოდ სხვა დონეა და ვნახოთ, რა მოხდება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ჯერ არაფრის თქმა შემიძლია. ჩემი მიზანია, სამომავლოდ ერთ-ერთ მათგანს შევხვდე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, MMA-ის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი მომდევნო ბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს, რაც ნიშნავს, რომ ვოლკანოვსკისა და მახაჩევის მატჩ-რევანში ჯერ არ იგეგმება. გამომდინარე აქედან, მაღალია შანსი, „ვოლკმა“ მომდევნო ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამართოს და მისი მეტოქე თოფურია იყოს.