ქუთაისის ტორპედო, ლუკა გადრანი, აქტობე, გიორგი გადრანი
Aa
Aa

გადრანი: „გამოჩნდა, ტორპედო მებრძოლი გუნდია, არაბიძე გამორჩეულია“

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობეს“ შეხვდება. ყაზახური კლუბის ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი მოახლოებული შეხვედრის წინ CrystalSport-ს ესაუბრა.

„აქტობეში“ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელია, მათ შორისაა ანდერსონ ნიანგბო, რომელიც ავსტრიული „შტურმის“ ყოფილი ფეხბურთელია, ამჟამად „გენტის“ საკუთრებაა და „აქტობეში“ იჯარით თამაშობს. ლუკა გადრანის თქმით, ნიანგბოს კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის თამაში ძალიან მოსწონს: „ორივეს იცნობს, „ჩაკვესაც“ და „კიტესაც“, ხშირად მეუბნება, რომ ძალიან მაგრები არიანო“.

მიმდინარე სეზონში ნიანგბომ ყაზახეთის პრემიერ ლიგის 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ლუკა გადრანი „ტორპედოს“ შესახებ

„ტორპედოს“ ორივე თამაში ვნახე, თუმცა ფავორიტის დასახელება ჯერ რთულია. დარწმუნებული ვარ საინტერესო თამაშები იქნება. გამოჩნდა რომ „ტორპედო“ მებრძოლი გუნდია, რომელმაც არც თუ ისე სუსტი მეტოქე ჩამოიტოვა. „ტორპედოს“ შემტევებიდან არაბიძეს გამოვყოფ, თუმცა არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომენტების შექმნა და მოწინააღმდეგისთვის უსიამოვნების მოტანა''.

აქტობეს სათამაშო სტილი

„აქტობე“ ყოველთვის პირველ ნომრად თამაშს ცდილობს, მაგრამ მოწინააღმდეგის თამაშის ანალიზის შემდეგ მწვრთნელს აქვს ხედვა, რომელსაც საკმაოდ კარგად ვითვისებთ და კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან კონკრეტული სტილით შეიძლება ვითამაშოთ''.

 

აქტობეს ქომაგები

„ჩემი აზრით, პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება ჩვენი გუნდისთვის უკეთესია, რადგან მეორე მატჩში უპირატესობა გვექნება, ჩვენი საშინაო მატჩების ატმოსფერო ყაზახეთში საუკეთესოა, ჩვენი ქომაგები დიდ ძალას გვაძლევენ. ქომაგები „აქტობეს“ ერთ-ერთ უძლიერეს ძალას წარმოადგენენ. ყაზახეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, თუმცა ყველა გასვლით თამაშზე ჩვენს გვერდით არიან. გასვლით მატჩებშიც ისე გვიდგანან გვერდით, როგორც საშინაო შეხვედრებში. საშინაო შეხვედრებში მართლა განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას გვაძლევს მათი მხარდაჭერა. „აქტობე“ ამით ცნობილია ყაზახეთში და არამარტო ყაზახეთში. არ ვიცი ქუთაისში იქნებიან თუ არა, მაგრამ ჩამოსვლისთვის ემზადებიან''.

გადატვირთული გრაფიკი

„ოპტიმალურ ფორმაში ვართ, მაგრამ რთული კალენდარი ემთხვევა. 13 დღეში 4 მატჩის ჩატარება გვიწევს (2 „ტორპედოსთან), მაგრამ ყველანაირად მზად ვართ, რომ ამ სირთულეს გავუმკლავდეთ. სხვათაშორის, სხვა ყაზახურ კლუბებს, რომლებიც ევროტურნირზე ასპარეზობენ, ფედერაციამ ჩემპიონატების მატჩები გადაუდო, მაგრამ ჩვენ რატომ არ გადაგვიდეს, ეს ჩემთვის გაუგებარია“

რაც შეეხება კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ - “სარაევოს“ დაპირისპირებას, პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს (1:1), დამატებით დროში გოლი არ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც ქუთათურებმა მოიგეს. 

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ შორის 27 ივლისს გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ყაზახეთში 3 აგვისტოს შედგება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები