დღეს ნაპოლი ამხანაგურ მატჩს გამართავს | ითამაშებს, თუ არა ხვიჩა?!
სერია A-ს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „ნაპოლი“ დღეს პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი დიმაროში „ანაუნე ვალ დი ნონს“ დაუპირისპირდება.
ითამაშებს თუ არა ხვიჩა დღევანდელ მატჩში? ქართველ გულშემატკივარს ალბათ, ყველაზე მეტად ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს. ცნობილმა იტალიურმა სააგენტო TuttoSport-მა დაწერა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ამ კვირის დასაწყისში შეუერთდნენ, „ანაუნეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ასეთი ფეხბურთელი კი „ნაპოლიში“ მრავლადაა და თითქმის გუნდის ძირითადი ბირთვია. მათ შორის არიან: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა, ალექს მერეტი, ამირ რაჰმანი, ლეო ოსტიგორი, პიოტრ ჟიელინსკი, ჯაკომო რასპადორი და ელიფ ელმასი. სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, ამ მოთამაშეების შვებულება ახლახან დასრულდა და გუნდს სულ რაღაც 2-3 დღის წინ შეუერთდნენ, რის გამოც, ბუნებრივია, სათამაშო კონდიციებში არ იმყოფებიან.

იტალიური სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ეს ფეხბურთელი რუდი გარსიას განკარგულებაში მომდევნო შეხვედრისთვის იქნება, რომელიც „ნაპოლიმ“ 24 ივლისს, კვლავ დიმაროში, „სპალის“ წინააღმდეგ უნდა გამართოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს