ოსიმენის აგენტი: “კონტრაქტის გახანგრძლივება? სიცრუეა“
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ვიქტორ ოსიმენი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფეხბურთელია. ნიგერიელის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.
რამდენიმე დღის წინ, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ნეაპოლში ცხოვრებით და თამაშით ბედნიერია. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ჭორები, რომ ვიქტორი „ნაპოლის“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.
დღეს, იტალიურ მედიას 24 წლის ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულების შესახებ ყველა ცნობა ტყუილია.
კალენდა:
„სექტემბრამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარს არ ვაპირებთ, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმდინარე მოვლენებს უნდა ვადევნო თვალი. ყველა ინფორმაცია, რომელიც ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება არის სიცრუე.“
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს გასული სეზონის ბომბარდირს „პარტენოპეისთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება. მისით „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორს 160 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ჰყიდის. ეს თანხა კი აღნიშნული გუნდებისთვის მიუღებელია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს