ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

სპალეტი: „დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია. კვარამ დაცვას უნდა მოუმატოს“

ცნობილ სპორტულ სააგენტო Sky Sport-ზე „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ გუნდში გატარებულ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

64 წლის სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას ჯერ არ დაუბრუნდება და გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.

რას ამბობს სპალეტი:

ნეაპოლელებმა ძალიან დიდი სიხარული და სიყვარული მაჩუქეს. ეს გრძნობა, რაც მათ მიმართ მაქვს, არც ზეცაშია და არც დედამიწაზე. ამ სიყვარულს მათ ვერაფრით დავუბრუნებ, ვერც სკუდეტოთი და ვერც სხვა ფინიშის ხაზით. ენთუზიაზმი, რაც მაჩუქეს, უბრალოდ წარმოუდგენელია. შესაბამისად, მეც ყოველთვის მექნება მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ყოველთვის დავაკვირდები ნეაპოლში პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, მათი პირველი დამცველი ვიქნები.

რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, ამ მომენტისთვის დაბრუნების სურვილი არ მაქვს. ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა. პირად ცხოვრებაში ბევრი საკითხი მაქვს მოსაგვარებელი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, დავიღალე და მყავს პატარა ქალიშვილი, რომელთანაც დროის გატარება მინდა. ახლა ოჯახს ვჭირდები. მუშაობის პერიოდში მათ დიდ დროს ვერ ვუთმობდი და უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის თამაშგარედ ვიქნები, იანვარში, ან თებერვალში კი დავსხდებით და განვიხილავთ, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი დაბრუნება ახალ სეზონში. ყველას შეუძლია თქვას, რომ ფეხბურთი მარტივი სპორტია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.

ინტერვიუს ბოლოს, ლუჩანო სპალეტიმ ყოფილ შეგირდებზე ისაუბრა და განსაკუთრებულად ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

ხშირად ვფიქრობ იმ ხასიათზე, რაც მოთამაშეს უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს თვისება ფუნდამენტურია. ბუნებრივია, შესაძლოა, ფეხბურთელს კარგი სათამაშო თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ხასიათი უმნიშვნელოვანესია. დღესდღეობით, ვინც ყველაზე მეტს შრომობს და თამაშში ყველაფერს დებს, ის არის საუკეთესო. კვარაცხელიაზე ვფიქრობ და ვხედავ, რომ მცირე დეტალები აქვს დასახვეწი. თუ დაკარგულ ბურთზე დაბრუნების თვისებებს გაიუმჯობესებს და ასევე, დაცვით ფაზაშიც ერთი-ორ ართმევას შეასრულებს, გუნდისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას შექმნის.

თანამედროვე ფეხბურთი უფრო განვითარებული და დინამიურია, რომელიც უფრო ბევრ თვისებას მოითხოვს. ვფიქრობ, დი ლორენცოს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც დღეს თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება. დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში წვრთნიდა. ნეაპოლიტანურმა კლუბმა სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ მისი მწვრთნელობის დროს მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა, მისი ძმები და რუდი გარსია | ჯანლუკა დი მარციოს საიტის სტატია ხვიჩაზე
კვარადონა, მისი ძმები და რუდი გარსია | ჯანლუკა დი მარციოს საიტის სტატია ხვიჩაზე