გარანტირებული მედლები ევროპულ თამაშებზე - შონია და ივანიაძე ნახევარფინალში გავიდნენ
პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსიორები ლუკა შონია და ზურა ივანიაძე ნახევარფინალში გავიდნენ და სულ ცოტა ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს.
75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ლუკა შონია იტალიელ ანდრეა მარიო ნანის დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მასპინძელ იაკუბ პოკუშას შეხვდება.
86 კილოში ივანიაძემ სლოვაკ სებასტიან ფაპსოს 3:0 აჯობა და მომდევნო ეტაპზე ძალებს ასევე პოლონელ კიკბოქსიორთან რობერტ კრასონთან მოსინჯავს.
კიკბოქსინგის ნახევარფინალური ეტაპი ხვალ გაიმართება.
დღევანდელ საშეჯიბრო დღეს ფინალის საგზური მოკრივე ლაშა გურულმა მოიპოვა.
63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა მოკრივემ უნგრელი რიჩარდ კოვაჩი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ სოფიანე უმიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. მედლები სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი), ელენე ლოლაძემ (ბრინჯაო) და გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.