საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, სტივ კლარკი, შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი
Aa
Aa

კლარკი: „ჩემი გუნდით ვამაყობ, საქართველო ძალიან კარგი გუნდია“

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში, A ჯგუფში შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა „ჰემპდენ პარკზე“ საქართველო 2:0 დაამარცხა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა, ამჯერად ქულები ნორვეგიასთან ოსლოში დაკარგა (3:1).

საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ სკოტების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა მედიასთან ისაუბრა.

„ეს იყო სიურეალისტური ღამე. ფეხბურთელები ბრწყინვალენი იყვნენ, მატჩზე ფოკუსირება არ დაკარგეს. უნდა ვთქვა ხალხზე, ისინი გუნდთან ერთად იდგნენ, რასაც ნამდვილად ვაფასებთ. ასევე უნდა ვთქვა „მოხალისეებზე“, რომლებმაც მინდორი კარგად გაწმინდეს.

ვთქვი რომ თამაშის გაუმჯობესება შეგვეძლო, დღეს ეს დავამტკიცეთ. ვფიქრობ, პროგრესი ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.

ქომაგებს 10-დან 10-ს დავუწერდი, ფეხბურთელებს კი 10-დან 9-ს. რადგან ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და რომ გასულიყო, შესაძლოა ჩვენს გუნდში 3-4 წუთიანი ნერვიულობა ყოფილიყო.

აშკარაა, ევროშესარჩევი კარგად დავიწყეთ. ესპანეთი და ნორვეგია დავამარცხეთ, ახლა კი ძალიან კარგ გუნდთან, საქართველოს ნაკრებთან გავიმარჯვეთ“.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველად დამარცხდა, სტივ კლარკის გუნდმა კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 12 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

A ჯგუფში შოტლანდია 12 ქულით პირველ ადგილზეა, საქართველოსა და ნორვეგიის ანგარიშზე 4-4 ქულაა, ესპანეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში სამი მატჩი ჩაატარა, ნორვეგიასთან ბათუმში ფრედ ითამაშა (1:1), სტუმრად კვიპროსი დაამარცხა (1:2), შოტლანდიასთან კი მძიმე მატჩში დამარცხდა (2:0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები