სანდრო ალთუნაშვილი, ბათუმის დინამო, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

„არასდროს დამავიწყდება ეს საოცარი გარემო“ - ალთუნაშვილი ბათუმის დინამოს დაემშვიდობა

როგორც CrystalSport-ი იუწყებოდა, ბათუმის „დინამომ“ სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“ გაყიდა. ინფორმაცია დღეს ავსტრიულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სატრანსფერო თანხა დაახლოებით 200 000 ევროა. 26 წლის ნახევარმცველმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. მოლაპარაკება დაახლოებით 1 თვე მიმდინარეობდა.

სანდრო ალთუნაშვილი ბათუმის „დინამოს“ Instagram-ის საშუალებით, ვრცელი ტექსტით დაემშვიდობა: „დღეიდან ოფიციალურად აღარ ვარ ბათუმის დინამოს ფეხბურთელი. ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან ამ გუნდთან ერთად ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი პერიოდი გავიარე. ასევე გვქონდა ცუდი პერიოდიც, მაგრამ არასდროს ვნებდებოდით, არ ვიხევდით უკან.

ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ გუნდის ისტორიის დაწერაში. მჯერა, რომ კიდევ ბევრი წარმატებული ფურცელი დაიწერება ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე ყველა პერსონალს, ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ამ კლუბში ერთი დღე გამიტარებია.

მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელებს, ამ დროის განმავლობაში ჩემს ყველა ძალიან მაგარ თანაგუნდელს და იმ ბათუმელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის დადიოდნენ ჩვენს თამაშებზე და შედეგის მიუხედავად ჩვენს გვერდით იდგნენ. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ჩემდამი სიყვარულს და ეს ძალიან მაძლიერებდა.

ასევე, ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "პირატებს", რომლებიც საშინაო თუ გასვლით თამაშებზე სულ ჩვენს გვერდით იყვნენ. არასდროს დამავიწყდება, თუ რა მაგარ და საოცარ გარემოს ქმნიდნენ საშინაო თამაშებზე, რაც მეც და ჩემს თანაგუნდელებს გაასმაგებულ სტიმულს გვაძლევდა.

მინდა წარმატება ვუსურვო ბათუმის „დინამოს“, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ვტოვებ გუნდს, მაგრამ ვრჩები ამ გუნდის გულშემატკივარი. და კიდევ ერთხელ, მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.

ალთუნაშვილს „საბურთალოსა“ (2014-20) და ბათუმის „დინამოში“ (2020-23) უთამაშია. მისთვის „ვოლფსბერგერი“ პირველი უცხოური კლუბია.

CrystalSport-ის ცნობით, „ვოლფსბერგერის“ წარმომადგენლები საქართველოს ჩემპიონატს თვალს აქტიურად ადევნებენ. მოგეხსენებათ, აღნიშნულ კლუბში ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. მათი ბუნდესლიგაში თამაშის შემდეგ ავსტრიული კლუბის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა და ალთუნაშვილის ტრანსფერიც ამის მაგალითია. ავსტრიულ კლუბს ალთუნაშვილის პოზიციაზე კიდევ ორ მოთამაშეს სთავაზობდნენ, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მანფრედ შმიდი ალთუნაშვილის თამაშით მოხიბლულია, გუნდის აწყობას ქართველ ნახევარმცველზე გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები