რუდი გარსია
Aa
Aa

„გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. მიზანი ყოველთვის ერთი იქნება“ - რუდი გარსიას პირველი პრესკონფერენცია

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა. სპეციალური პრეზენტაციის შემდეგ, 59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა გარსიამ:

ჩემთვის საჩუქრის ტოლფასია აქ, თქვენს პირისპირ ნეაპოლში ყოფნა. ჩვენ ერთი და იგივე ამბიციები გვამოძრავებს. როდესაც ქალაქში ჩამოვედი, მაშინვე შევიგრძენი საფეხბურთო გარემო და მივხვდი, თუ როგორ ამაყობს ნეაპოლი თავისი გუნდით. მინდა, რომ ეს ჩემი მწვრთნელობის პერიოდშიც ასე იყოს.

პრეზიდენტთან პირველივე შეხვედრის დროს დავსახეთ ამბიციები. როდესაც რაიმე შეჯიბრში, ან კონკურსში მონაწილეობ, ყოველთვის მიზნად ისახავ გამარჯვებას. პრეზიდენტის მიზნებიც მაღალია, მე კი ისევე როგორც ყველას ოცნება მიყვარს და მინდა ვითამაშო მხოლოდ გამარჯვებისთვის. კლუბში რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გაკეთდა, წარმოუდგენელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაპოლისთვის“ ყოველი წელი გამარჯვების მიზნით უნდა იწყებოდეს.

არაფრის მეშინია და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატში გასული სეზონის წარმატებამ გუნდს დიდი თავდაჯერებულობა შესძინა. როდესაც საწვრთნელ შეკრებას დავიწყებთ, ყველაფერი ნულიდან დაიწყება, გუნდის მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე კი არაფერი გამოგვივა. ყველაზე მეტად, რაც შარშანდელ სეზონში მომეწონა, იყო ის, რომ გუნდი კოლექტიურად თამაშობდა და ერთ ინდივიდზე დამოკიდებული არ ყოფილა. პრეზიდენტი ამბიციური ადამიანია და მზადაა კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნისთვის ყველაფერი გააკეთოს. მე კი ვარ მწვრთნელი, რომელსაც შეტევითი ფეხბურთის თამაში უყვარს და ბურთის კონტროლს ანიჭებს უპირატესობას.

სპალეტის შედეგები? ბუნებრივია, როდესაც ასეთი წარმატებული მწვრთნელის შემდეგ ინიშნები, უფრო უკეთესი უნდა იყო. ეს მეტი პასუხისმგებლობაცაა. ჩემი აქ მოსვლით არ მინდა ყველაფრის რევოლუცია მოვახდინო. უნდა გავიგო, რომელი ფეხბურთელები იქნებიან ხელმისაწვდომები, დანარჩენს ეტაპობრივად ვნახავთ. მიყვარს 4-3-3 ფორმაციით თამაში, მაგრამ ეს ყოველთვის არის დამოკიდებული, თუ რომელი ფეხბურთელია ხელმისაწვდომი.

უნდა ვიყოთ მკაცრი და ყველასთვის რთული გუნდი. როცა მოვიგებთ, ვერ უნდა დავიძინოთ იმის გამო, რომ გამარჯვების უფრო დიდი წყურვილი გქონდეს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებსაც კიდევ შეუძლიათ ბევრ ასპექტში გაუმჯობესება.

არის თუ არა ლობოტკა შეუცვლელი? ყველა მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, ჩემი თამაშის გული ნახევარდაცვაშია და ლობოტკასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება, თუმცა ფეხბურთელების ინდივიდუალურად გამორჩევა არ მინდა, რადგან ამ გუნდს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს და არა ერთი, ან ორი. თუმცა, ლობოტკა ნამდვილად ფანტასტიკური მოთამაშეა.

განსაკუთრებული სლოგანი არ მაქვს, მაგრამ მთავარი სიტყვა იქნება: ღირებულებები! ჩემი გუნდის ყველა მოთამაშემ თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად უნდა იგრძნოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო იტალიის ჩემპიონატის მოგება, მაშინ კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იყო. ახალი დამრიგებელი კი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდს ივლისის შუა რიცხვებში შეკრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე
    „არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე