სანდრო ალთუნაშვილი, ბათუმის დინამო, ვოლფსბერგერი, მანფრედ შმიდი
Aa
Aa

ბათუმის დინამომ ალთუნაშვილი გაყიდა - ტრანსფერის საინტერესო დეტალები

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის „დინამომ“ სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გაყიდა. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 200 000 ევროა. 26 წლის ნახევარმცველმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. მოლაპარაკება დაახლოებით 1 თვე მიმდინარეობდა.

სანდრო ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად გლაზგოშია, შოტლანდიასთან მატჩისთვის ემზადება. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და სავარაუდოდ 26 ივნისს ავსტრიაში, ახალ კლუბში გაემგზავრება.

ალთუნაშვილს „საბურთალოსა“ (2014-20) და ბათუმის „დინამოში“ (2020-23) უთამაშია. მისთვის „ვოლფსბერგერი“ პირველი უცხოური კლუბია.

სანდრო ინგლისურ ენაზე საუბრობს. სკოლაში გერმანულ ენას სწავლობდა, თუმცა ამ ეტაპზე გერმანულ ენას მინიმალურ დონეზე ფლობს.

„ვოლფსბერგერის“ წარმომადგენლები საქართველოს ჩემპიონატს თვალს აქტიურად ადევნებენ. მოგეხსენებათ, აღნიშნულ კლუბში ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. მათი ბუნდესლიგაში თამაშის შემდეგ ავსტრიული კლუბის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა და ალთუნაშვილის ტრანსფერიც ამის მაგალითია.

CrystalSport-ის ცნობით, ავსტრიულ კლუბს ალთუნაშვილის პოზიციაზე კიდევ ორ მოთამაშეს სთავაზობდნენ, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მანფრედ შმიდი ალთუნაშვილის თამაშით მოხიბლულია, გუნდის აწყობას ქართველ ნახევარმცველზე გეგმავს. 

გასულ სეზონში „ვოლფსბერგერი“ კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, თუმცა ფლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს ალთუნაშვილის გაშვება არ სურდა, რადგან ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და წინ კონფერენს ლიგის შეხვედრები ელოდებოდა, თუმცა საბოლოოდ ბერიძე ტრანსფერს დათანხმდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ავსტრიულ ბუნდესლიგაში ითამაშებს.

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის „დინამომ“ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მუშაობა უკვე დაიწყო, მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან, ცოტნე ფაცაციასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

ასევე გეტყვით, რომ გურამ გიორბელიძე, რომელიც პოლონური ლიუბინის „ზაგლემბედან“ ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აჭარულ კლუბს დაეხმარება, თუმცა სავარაუდოდ მიმდინარე ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატს დატოვებს და კარიერას კვლავ უცხოეთში გააგრძელებს. 

მასალაში გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები