U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ზედიზედ მე-3 ნახევარფინალი | აძურინიმ ისევ ლამაზ სტილში მოიგო

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. დებიუტანტ ისრაელის შემდეგ, საუკეთესო ოთხ გუნდში იტალიის ნაკრები ითამაშებს.

კარმინე ნუნციატას გუნდი კოლუმბიელებს შეხვდა, სოლიდურ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებულად, 3:1 მოიგო.

„აძურინის“ კვლავ ჩეზარე კასადეიმ და ტომაზო ბალდანციმ ულიდერეს. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა ამჯერად თავური დარტყმით გაიტანა და ამას ასისტიც მიამატა, ბალდანციმ (სწორედ კასადეის პასით შეაგდო) კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მესამე გოლი 17 წლის ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს („ინტერი“) ანგარიშზეა - ქუსლით ეფექტურად შეაგდო. ლამაზი იყო სამხრეთ ამერიკელთა პრესტიჟის გოლიც.

ლამაზი სანახაობა და გაცილებით დაძაბულ-დრამატული სცენარი იყო ისრაელი-ბრაზილიის 1/4 ფინალში. ბრაზილია ორჯერ იგებდა და ისრაელმა ორჯერ გაათანაბრა, მათ შორის, მეორედ - დამატებით დროში. დორ ტურჯმენის 108-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლზე კი რა უნდა ვთქვათ, ეს ფეხბურთია და ტურჯმენი ფეხბურთელია. მოკლედ, ესაა ტურნირი, რომელიც ფეხბურთის ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც რეცეპტორებს გემრიელად გაუღიზიანებს.

როგორც წინა სტატიაში ვთქვი, სანახაობა გარანტირებულია - გოლების გარდა, ტექნიკური, შემტევი, აგრესიული თამაში, ახალგაზრდული ჟინი, ტემპი და ტემპერამენტი და ნამდვილი საფეხბურთო მუხტი, არგენტინაში სხვანაირად ვერც იქნება. ჰო, მეკარეების მაგარი თამაში არ გამოგვრჩეს - ალბათ, ვიდეოში ნახეთ, სებასტიანო დეპლანშმა კოლუმბიელთა შემტევს რა ბურთი აუღო.

იტალიის 20-წლამდელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ. მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირ კასადეის 6 გოლი მოუგროვდა, რითაც თავისი ქვეყნის ყველა დროის ბომბარდირიც გახდა - გადაასწრო „ბოლონიას“ შემტევ რიკარდო ორსოლინის, რომელმაც 2017-ში 5 გოლი გაიტანა. კასადეისთვის კარგი ამბავი ისიცაა, რომ 5-გოლიანი ბრაზილიელი მარკუშ ლეონარდუ ტურნირს დაემშვიდობა.

ისე ჩანს, რომ აპენინებზე კარგი თაობა მოდის, რაც მოედანზეც ჩანს და ზემოთ ნახსენები ფაქტი - მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მე-3 ნახევარფინალიც ადასტურებს.

„აძურინის“ მომდევნო მეტოქე დღეს გაირკვევა, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხრეთ კორეისა და ნიგერიის ნაკრებები ითამაშებენ. ბოლო 1/4 ფინალში კი, გოლგაუშვებელი აშშ ურუგვაის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ გუნდი გავარდა | გიჟური ამბები 20-წლამდელთა მსოფლიოზე
სუპერ გუნდი გავარდა | გიჟური ამბები 20-წლამდელთა მსოფლიოზე