გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გიჟური ნაკრები“ - ბელგიური გამოცემა საქართველოს 21-წლამდე გუნდზე

ბელგიური Walfoot-ი ევროპის ახალგაზდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაზე წერს. რამაზ სვანაძის 35 რჩეულ მოთამაშეს შორის გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან. მათი თამაშის შემთხვევაში ბელგიური გამოცემა „სიკვდილის ჯგუფს“ უწოდებს იმ ჯგუფს, რომელშიც საქართველოსთან ერთად პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები არიან.

Walfoot: „ხშირად ვწერთ, რომ ბელგიისთვის ყველაზე ძლიერი მეტოქეები პორტუგალია და ნიდერლანდები არიან. ისინი ფავორიტები არიან, თუმცა მათთან ერთად ჯგუფში საქართველოა, რომელიც საკუთარ კედლებში საკუთარი ქომაგების თვალწინ ითამაშებს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. 35-კაციან სიაში „ნაპოლის“ შემტევის, სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ფიგურირებს. ასევე, მასთან ერთადაა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და „მეცის“ ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ეს მოთამაშეები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან, თუმცა მეორე და მესამე ტურში ითამაშებენ. დიდი შანსია ბელგიის წინააღმდეგ სერია ა-სა და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელებმა ითამაშონ. მათთან ერთად ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება“.

საინტერესოა, რომ აღნიშნული გამოცემა საქართველოს ნაკრებს აღნიშნული ტრიოს შემადგენლობით გიჟურ ნაკრებს უწოდებს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველო პირველ მატჩს 21 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს. ვინაიდან ვილი სანიოლის გუნდი ევროშესარჩევის მატჩს შოტლანდიასთან სტუმრად 20 ივნისს ჩაატარებს. პორტუგალიასთან მამარდაშვილის, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის თამაშის შანსი მცირეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტურში ბელგიას შეხვდება (24 ივნისი), მესამე ტურში - ნიდერლანდებს (27 ივნისი). მეორე და მესამე ტურში აღნიშნული ტრიოს თამაშის შანსი დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები