მის გარეშე წავიდნენ | აიაჩოს ავტობუსს ფეხბურთელის წაყვანა დაავიწყდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურში, „აიაჩო“ „ლანსს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. „დათვებს“ 23 ქულა აქვთ და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ვეღარ იბრძვიან, თუმცა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მაინც მოექცნენ.
„ლანსთან“ მატჩის შემდეგ, „აიაჩოს“ ავტობუსს ერთ-ერთი ფეხბურთელი სტადიონზე დარჩა და მის გარეშე წავიდა. ავტობუსის წასვლიდან 5 წუთის შემდეგ, ბენ ჰამედ ტურე ავტოსადგომზე გავიდა, გაანალიზა, რომ კლუბი მის გარეშე წასულა და იქვე მყოფ „ლანსის“ ქომაგს უთხრა: „დავავიწყდი“.
Mais non.... le bus d'Ajaccio qui part et 5 minutes après un joueur sort : "ils m'ont oublié " ????#RCLACA pic.twitter.com/2QvHPY8lUm
— FauX-FaNa (@TomEmyRuben) May 27, 2023
„აიაჩოს“ შეცდომას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ტვიტერის“ მომხმარებელთა ნაწილის მიხედვით, სიგიჟეა, როცა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობ და მატჩის შემდეგ, ფეხბურთელის წაყვანა გავიწყდება. იყვნენ ისეთები, რომლებმაც ფრანგულ კლუბს დასცინეს და თქვეს, რომ „აიაჩოს“ ქულების აღებასთან ერთად, თავისი ფეხბურთელების ტრანსპორტირებაც ავიწყდება.
ცნობისთვის, „დათვები“ 23 ქულით ლიგა 1-ის მე-19 ადგილს იკავებენ. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ისინი საკუთარ კედლებში „მარსელს“ უმასპინძლებენ.