ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი | მესი პირველია, კვარა ათეულშია
ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილებები არ შეხებია. „კვარა“ კვლავინდებურად ტოპ 10-შია და მერვე ადგილს იკავებს.
უცვლელია ტოპ 4-იც. Goal-ის მიხედვით, პრესტიჟული ჯილდოს მოგების ყველაზე კარგი შანსი „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის აქვს. მეორეზე „სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი იმყოფება. მესამე „ლა პულგას“ თანაგუნდელი, კილიან მბაპეა, ხოლო მეოთხეზე ვინისიუს ჟუნიორს ვხედავთ.
მე-5 პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის“ ლიდერი, კევინ დე ბრუინი აღმოჩნდა. „ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგა დაისაკუთრეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობას „რეალი“ გამოთიშეს და ბელგიელის 2-საფეხურიანი წინსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. მე-6 ადგილზე კვლავინდებურად ვიქტორ ოსიმენია, მე-7, მე-9 და მე-10 პოზიციები კი კარიმ ბენზემას, რობერტ ლევანდოვსკისა და ხულიან ალვარესს უკავიათ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ნომინანტების ვინაობა აგვისტოში გახდება ცნობილი, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ოქტომბერს გაიმართება. პრესტიჟული ჯილდოს მოქმედი მფლობელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემაა.