რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

ქართველი ტალანტი პორტუგალიაში - ქარსელაძეზე დიდ იმედს ამყარებენ

„რიუ ავეში“ 18 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქარსელაძის ოფიციალური დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში „პაკუშ ფერეირასთან“ შედგა, თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანასთან ახლოს იყო, საჯარიმო დარტყმისას ბურთი კარის ძელს გაარტყა.

ქარსელაძე „რიუ ავეს“ სამატჩო განაცხადში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა და პირველად ითამაშა.

CrystalSport-ის ცნობით, „რიუ ავეში“ ქარსელაძეზე დიდ იმედს ამყარებენ. გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რასაც პირველ გუნდში დაწინაურება და ოფიციალური დებიუტი მოჰყვა. „რიუ ავეს“ მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე შემდეგი სეზონისთვის ქარსელაძეს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

CrystalSport-ის ცნობით, „რიუ ავე“ ქარსელაძეს პროფესიულ კონტრაქტს უმზადებს, რომელსაც ფეხბურთელი ხელს მიმდინარე კვირაში მოაწერს.

მიუხედავად იმისა, რომ ქარსელაძე პორტუგალიაში დაიბადა და გაიზარდა, ქართულად საუბრობს და როგორც პორტუგალიის, ასევე საქართველოს მოქალაქეა. გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს, თუმცა მისი პოტენციალიდან გამომდინარე რეალურია, რომ შემდეგ სეზონში პორტუგალიის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიონ. პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში მეტწილად „პორტუს“, „სპორტინგის“, „ბრაგას“, „ბენფიკასა“ და „გიმარაენშის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებს იძახებენ, თუმცა შემდეგ სეზონში გიორგი ქარსელაძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებას შეიძენს, რაც იმ ფეხბურთელებთან კონკურენციას გაუადვილებს, რომლებიც პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში კლუბების ასაკობრივი გუნდებიდან ხვდებიან და უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ.

ასევე გეტყვით, რომ CrystalSport-ის ცნობით, „რიუ ავეს“ სპორტულმა დირექტორმა ნუნუ ალმეიდამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქარსელაძის მონაცემები ახლახან მიაწოდა, როცა მოთამაშე „რიუ ავეს“ პირველ გუნდში დააწინაურეს.

ქარსელაძეს სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, თუმცა მის მიმართ ინტერესი პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს აქვთ და ქართველ მარჯვენა მცველს ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ფეხბურთელს მიწვევა პორტუგალიის ან საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრებიდან არ მიუღია.

CrystalSport-ი მიმდინარე კვირაში გიორგი ქარსელაძესთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ფეხბურთელი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს, მისი უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები