რეკლამები მსოფლიო ჩემპიონატების მატჩების დროს | რის უფლება ექნებათ ტელევიზიებს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკა, აშშ და კანადა უმასპინძლებენ. დეკემბერში FIFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მატჩებისას გუნდებს წყლის შესვენება ექნებათ, რათა ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. 3-წუთიან წყლის შესვენებას მთავარი მსაჯი ორივე ტაიმში, დროის ნახევრის გასვლის შემდეგ გამოაცხადებს.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Athletic იუწყება, რომ წყლის შესვენებებისას სამაუწყებლო კომპანიებს, რომლებიც პირდაპირ რეპორტაჟებს იყიდიან, უფლება ექნებათ ეთერში რეკლამები გაუშვან. თუმცა საამისოდ მათ წინასწარ დადგენილი წესების დაცვა მოუწევთ.
მთავარი წესი ასეთია: სარეკლამო ჭრა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მსაჯის მიერ წყლის შესვენების გამოცხადებიდან მინიმუმ 20 წამი იქნება გასული. გარდა ამისა, ტრანსლაცია უნდა განახლდეს წყლის პაუზის დასრულებამდე 30 წამით ადრე. შესაბამისად, 3-წუთიანი სარეკლამო პაუზის დროს ტელეკომპანიებს უფლება ექნებათ 2 წუთი და 10 წამი რეკლამებს დაუთმონ.
The Athletic-ის ცნობით, რეკლამის გაშვება ვალდებულებას არ წარმოადგენს. ტელეკომპანიებს შეეძლებათ მატჩის ტრანსლაცია უწყვეტად გააგრძელონ ან თავიანთი სპორტული გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირდაპირი ეთერი გაუშვან. არის კიდევ ვარიანტი, რომ რეკლამები ეკრანის მხოლოდ ნაწილზე გაუშვან, თუმცა ამ შემთხვევაში სარეკლამო ადგილის გაყიდვა მხოლოდ FIFA-ს სპონსორ კომპანიებზე შეიძლება. თუ მატჩის ტრანსლაცია სრულად წყდება და სარეკლამო რგოლი იწყება, ტელევიზიებს უფლება აქვთ ნებისმიერი კომპანიის რეკლამა გაუშვან.