ჯიღაურის და ანდრონიკაშვილის გასროლა - ქართული გოლები უზბეკეთში
უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. „ყიზილქუმი“ - „ანდიჟანის“ (2:1) შეხვედრაში მასპინძლების რიგებში თავი ჯაბა ჯიღაურმა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა.
35-ე წუთზე მასპინძლები ჯიღაურმა დააწინაურა - „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით აიღო სტუმართა კარი. დარტყმა არცთუ ძლიერი გამოდგა, მაგრამ მეკარე ვერ გაუმკლავდა, თუმცა ეს ჯაბას ოსტატობას ოდნავადაც არ აკნინებს. „ანდიჟანმა“ წონასწორობა 76-ე წუთზე აღადგინა, რაც მთლიანად ანდრონიკაშვილის დამსახურებაა - „დილას“ ყოფილი ნახევარმცველის უძლიერესი საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ხარიხას, შემდეგ მეკარეს მოხვდა და ისე გავიდა კარში.
ცნობისათვის, ამავე შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო - ჯიღაურის გარდა „ყიზილქუმის“ ძირითადში იყო გრიგოლ ჩაბრაძე, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ანდიჟანის“ სასტარტოში იმედა აშორტია ასპარეზობდა და 88-ე წუთზე გამოცვალეს.