ბრიუგე, ჰალიდ დოლტმურზიევი, სანდრო ჭელიძე, სოსო ძნელაძე, პეტრე სარდანაძე
Aa
Aa

თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია

ბელგიური „ბრიუგეს“ 16-წლამდე გუნდის 15 წლის ინგუშმა ფეხბურთელმა ჰალიდ დორტმურზიევმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ჰალიდი „ბრიუგეს“ 16-წლამდე გუნდის ბომბარდირია, მისი შედეგიანობა შთამბეჭდავია, მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „ბრიუგეში“ გადასვლამდე „ნიუპორტისა“ და „სერკლ ბრიუგეს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

ჰალიდი ქართულის სწავლას აპირებს, საქართველოში ჩამოსვლას მოუთმენლად ელის. ჰალიდს ძალიან მოსწონს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. „ნაპოლის“ თამაშებს სულ თვალს ადევნებს და გულშემატკივრობს.

CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებში თამაშის ინიციატივა ფეხბურთელის მშობლებისგან წამოვიდა, რომლებიც საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდნენ. ასევე, მათი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილების გარდა მნიშვნელოვანია ფეხბურთელის ქართველი მენეჯერის, სანდრო ჭელიძის როლი. ამ პროცესში სანდრო ჭელიძე აქტიურად მონაწილეობდა.  გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთელის წარმომადგენელი „ბრიუგეს“ ესაუბრა. კლუბი ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰალიდს ბელგიის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ სანაკრებო გადაწყვეტილების მიღების პარალელურად მისი საკლუბო კარიერა გარკვეული სირთულის წინაშე არ დამდგარიყო. ზოგჯერ, როცა ფეხბურთელი იმ ქვეყნის სასარგებლოდ არ აკეთებს არჩევანს, სადაც თამაშობს, გარკვეული პრობლემის წარმოშობის, სათამაშო დროის შემცირების რისკი არსებობს, თუმცა ჰალიდთან მიმართებაში მსგავსი რამ არ მოხდება, „ბრიუგე“ ჰალიდის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა, არაფერი შეცვლილა, მის მიმართ კვლავ დიდ იმედს ამყარებენ.

ჰალიდი გამორჩეული ტალანტია, რაც მის პროდუქტიულობაშიც კარგად ჩანს. ასევე, შეგიძლიათ იხილოთ Geo Scout-ის მიერ მომზადებული ვიდეო:

ჰალიდი სამენეჯერო კომპანია S&P Sports Agency-სთან თანამშრომლობს, რომელსაც სანდრო ჭელიძე, სოსო ძნელაძე და პეტრე სარდანაძე წარმოადგენენ.

მიმდინარე სეზონში ჰალიდმა „ბრიუგეს“ 16-წლამდე გუნდში 22 მატჩში 23 გოლი შეაგდო.

ჰალიდი „სერკლ ბრიუგეში“ ყოფნისას

CrystalSport-ის ცნობით, მისი პიროვნული თვისებებიდან გამოსარჩევია თავმდაბლობა, რაც მუდმივი პროგრესის შესანარჩუნებლად აუცილებელი თვისებაა. ასევე, ძალიან მშრომელია. ასაკის მიუხედავად მაღალი დონის პროფესიონალია დიდი მიზნებით და კარგად იცის, თუ რა სურს.

მოედანზე ძალიან აგრესიულია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მისთვის უმთავრესი გუნდური წარმატებაა, უპირველესად გამარჯვებაზე და შემდეგ გოლზე ორიენტირებული ფორვარდია. მისი ნატურალური პოზიცია ცენტრფორვარდია, მაგრამ ზოგჯერ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები