„ახალი ჰაერი გვჭირდებოდა“ - ლაურენტისმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Repubblica-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. „ნაპოლის“ ქართველის შეძენა სამი წლის წინ სურდა, თუმცა მაშინ ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხა მოითხოვეს.
აურელიო დე ლაურენტისი: „სკუდეტო? რაღაცები მოხდა ანჩელოტისთან და გატუზოსთან, რამაც ვერ დამარწმუნა იტალიის ჩემპიონობაში. საბოლოოდ, თავიდან მოვიშორე ფეხბურთელები, რომლებშიც დემოტივაციას ვხედავდი და მათ იმის მიღწევა არ შეეძლოთ, რაც მე მსურდა. ვგრძნობდი ახალი ჰაერის საჭიროებას. ჯერ კიდევ სამი წლის წინ კვარაცხელიას თამაში შევისწავლეთ, მაგრამ მაშინ კორონავირუსის პერიოდი იყო, 258 მილიონი დავკარგეთ და კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდ თანხას გვთხოვდნენ. შემდეგ ჯუნტოლიმ კარგად იმუშავა და 11 მილიონად შევიძინეთ“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. 22 წლის ქართველმა გარემარბმა, რომელსაც სეზონის დაწყებამდე იტალიაში კარგად არ იცნობდნენ, „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მაღალ შედეგიანობას განაპირობებდა.
ლაურენტისი ფეხბურთელების გაშვებას არ აპირებს, რამდენიმე მოთამაშის დამატებას გეგმავს: „მსურს, რამდენიმე მოთამაშე დავიმატოთ. კერძოდ, ამერიკიდან, რადგან MLS-ში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. ასევე, იაპონურ ბაზარზეც ვმუშაობთ, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშონენ, რომელთაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს